NCDC მზადაა სომხეთს covid-19-თან ბრძოლაში დაეხმაროს - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთს, თუ ეს მას დასჭირდება.
29 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 573 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
„იცით, რომ ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. იცით, რომ ვართ მოძმე ერი, ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების ეროვნულ ცენტრთან. თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იმავე ტესტირებასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ,” – აღნიშნა გამყრელიძემ.
“პატარა გაუგებრობაში” ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის მიერ 22 მაისს გაკეთებულ განცხადებას გულისხმობს.
განცხადებაში მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგია, ამასთან, განაცხადა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა სომხეთში უკეთესია.
ტოროსიანის განცხადებები საქართველოში არაკორექტულად შეაფასეს და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.
- ფაშინიანი: თუკი კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეს ვერ შევცვლით, მალე 20 ათასი ინფიცირებული გვეყოლება
- სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი მინისტრის სიტყვების გამო საქართველოს ბოდიში მოუხადა
23 მაისის საღამოს, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „მინისტრის სახელით, სინანული გამოთქვა მისი განცხადებების გამო“.
ბრიფინგზე გამყრელიძეს ჰკითხეს, მზადაა თუ არა საქართველოს იმისთვის, რომ სომხეთიდან covid-19-ით დაავადებული ადამიანები სამკურნალოდ მიიღოს.
“დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე უარს არ იტყვის. პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დღეს სჭირდება. ეს პირველ რიგში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს და საქართველოს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ.