"შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო" - დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
საქართველოს დასავლელი პარტნიორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურებიან, სადაც პრემიერმა ბევრს სკანდალურ განცხადებასთან ერთად ევროპარლამენტზე თქვა, რომ “თავის თავს მიხედონ”, ასევე ღარიბაშვილმა კვლავ ახსენა “მეორე ფრონტი” და ის, რომ დასავლეთს საქართველოს “ომში ჩართვა სურს.”
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის 100 დეპუტატი “სკანდალშია გახვეული”.
“საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაა, რომელიც ქართული ოცნების მოკავშირე პარტიაა. თუმცა, საინტერესოა სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყარო, თუ შეიძლება”. – წერს კრამონი Twitter-ზე.
ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საკუთარ Twitter-ზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, წერს:
“ეს აბსოლუტურად ტყუილია და პრემიერმინისტრმა ეს იცის. რატომ გვენდომება საქართველოს მიერ ომის გაფართოება? არ გვინდა და მათ ეს იციან. რატომ აგრძელებს ქართული ოცნება დამარცხებულის, რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მხარის დაჭერას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერმინისტრი – არა.”
დასავლეთის მხრიდან საქართველოს “ომში ჩართვას” ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, რომელიც საკუთარ Twitter-ზე წერს:
“თუ ასე ფიქრობთ, შეიძლება, ევროპა მართლაც არ არის სათქვენო. ევროპაში ამგვარი განცხადებების ადგილი დანამდვილებით არაა და ევროპა შესანიშნავად იქნება იმათ გარეშე, ვისაც მასთან მიმართებაში მსგავსი დამოკიდებულება აქვს.”
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
● გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
● “ქართული ოცნება” ამბობს, რომ გაიწვევს რუსულ კანონს. თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ განცხადება არ კმარა
17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.
კანონის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საბოლოოდ, უმრავლესობამ „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა.
რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებამ “ხელიდან შანსი გაუშვა”. “ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა.