ბოლნისში სასწრაფოს მანქანას ქვები დაუშინეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. მათ სასწრაფოს მანქანებს ქვები დაუშინეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო.
1 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა 582 დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 207 გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.
ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. ექიმები სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად დაახლოებით 19 საათზე მივიდნენ. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის თქმით, ინფიცირებულთა გადაყვანაში ეპიდემიოლოგებს ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეუშალეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
მუშევანში სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად პოლიციელები და ბოლნისის მერის წარმომადგენელი, რობიზონ სელიმაშვილი იმყოფებოდნენ.
“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – ამბობს რობიზონ სელიმაშვილი.
- ორი გვამი, გირგვლიანის საქმე, ციხის კადრები – რას ამბობს ხმაურიან საქმეებზე ვანო მერაბიშვილი
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ამ დრომდე საკუთარ სახლში არიან.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მანქანა.