ბელარუსში საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ბელარუსში საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის თანამებრძოლს, მაქსიმ ზნაკს კი 10 წელი შეუფარდა. ოპოზიციონერებმა ბრალი არ აღიარეს.
ევრორადიოს ცნობით, ოპოზიციონერები დამნაშავედ ცნეს „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში“, „ისეთი მოქმედებებისკენ მოწოდებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას“ და „ექსტრემისტული ფორმირებების ჩამოყალიბებაში“.
- “მეკობრეობა” ცაში და ევროპის პასუხი – ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეჩერდება
- რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
- სვეტლანა ტიხანოვსკაია – ბელარუსის პრეზიდენტობის ყველაზე უჩვეულო კანდიდატი
კოლესნიკოვა და ზნაკი 2020 წლის აგვისტოში გამართული არჩევნების დროს, პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბში მუშაობდნენ, მისი დაპატიმრების შემდეგ კი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
კოლესნიკოვა გასული წლის 8 სექტემბერს დააკავეს. ერთი დღით ადრე, ის მინსკის ცენტრიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მის ქვეყნიდან გაყვანას შეეცადნენ, თუმცა, ბელარუს-უკრაინის საზღვარზე მან საკუთარი პასპორტი დახია.
კოლესნიკოვასა და ზნაკის სასამართლო პროცესი 4 აგვისტოს დაიწყო. ის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, თუმცა, განაჩენის გამოცხადება საჯაროდ მოხდა. მასზე დასწრების უფლება მისცეს განსასჯელთა ნათესავებს, მაგრამ არ დაუშვეს უცხოელი დიპლომატები.
კოლესნიკოვამ და ზნაკმა ბრალი არ აღიარეს – სასამართლოში, ჩვენების მიცემის დროს ისინი თანმიმდევრულად უარყოფდნენ ყველა ბრალდებას. განაჩენი საბოლოო არ არის და შესაძლებელია გასაჩივრდეს.
მასობრივი პროტესტი ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 19 აგვისტოს დაიწყო. ოპოზიციამ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ხელისუფლებამ პროტესტს რეპრესიებით უპასუხა – ათობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა და დააკავეს.
ბევრმა ოპოზიციონერმა და ჟურნალისტმა, რომელთაც ბელარუსი არ დატოვეს, ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელი მიიღეს ან მათ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს.
მთავარი ფოტო: პროტესტის მონაწილეები მინსკში მარია კოლესნიკოვას ფოტოთი, 4 ოქტომბერი, 2020 წ. REUTERS