ბელარუსში ოპოზიციონერის დასაპატიმრებლად საერთაშორისო რეისი მინსკში დასვეს
ბლოგერი და ფოტოგრაფი, ოპოზიციური ტელეგრამ-არხების დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი ბელარუსში მას შემდეგ დააკავეს, რაც თვითმფრინავი, რომლითაც პროტასევიჩი საბერძნეთიდან ლიტვის დედაქალაქში მიემგზავრებოდა, მინსკის აეროპორტში დასვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშვების მიზეზი გახდა ცნობა თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ. პროტასევიჩს ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
როგორც Euroradio წერს, რომან პროტასევიჩი Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრთა შემოწმების დროს დააკავეს მას შემდეგ, რაც რეისი საგანგებოდ მინსკში დასვეს.
როგორც აეროპორტის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იძულებითი დაჯდომის მიზეზი, სავარაუდოდ, მფრინავების მიერ გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომ თვითმფრინავი დანაღმულია.
- აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ათობით ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს
- რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
- რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
რომან პროტასევიჩს ბოლო დროს მიჰყავდა ტელეგრამის არხი ” Беларусь головного мозга “, მანამდე იყო ოპოზიციური ტელეგრამ-არხის NEXTA- ს მთავარი რედაქტორი, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს აშუქებდა. ბოლო დროს იგი ვილნიუსში ცხოვრობდა და იყო ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი.
პროტასევიჩი ბელარუსის ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
პროტასევიჩის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
”აბსოლუტურად აშკარაა, რომ ეს არის სპეცსამსახურების მიერ თვითმფრინავის გატაცების ოპერაცია, რათა აქტივისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი დააკავონ. რეჟიმმა საფრთხე შეუქმნა მგზავრთა უსაფრთხოებას ბორტზე და სამოქალაქო რეისებს ერთი კაცის წინააღმდეგ რეპრესიების გამო, რომელიც ბელარუსული დამოუკიდებელი ტელეგრამ-არხების რედაქტორი იყო. მხოლოდ ამის გამო ის გამოაცხადეს ტერორისტად და მხოლოდ ამისათვის რომანს სიკვდილით დასჯა ემუქრება”,- განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
მისივე თქმით, მან მოითხოვა, რომ კომპანია Ryanair– მა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყონ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და ბელარუსის ICAO– დან გარიცხვისათვის ზომები მიიღონ.
”დღეიდან ვერცერთი ადამიანი, რომელიც ბელარუსის თავზე დაფრინავს, ვერ იქნება დარწმუნებული საკუთარ უსაფრთხოებაში. რეჟიმი ბოროტად იყენებს საჰაერო მიმოსვლის წესებს, რათა შეიპყროს ისინი, ვინც მას არ ეთანხმება”, – თქვა ტიხანოვსკაიამ.