ბელარუსი-აფხაზეთი: ურთიერთქმედება გრძელდება აღიარების გარეშე
ბელორუსის დეპუტატები აფხაზეთში
2 ნოემბერს, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აფხაზეთში ჩავიდა. ისინი შეხვდნენ აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატებს და ისაუბრეს რუსეთ-ბელარუს-აფხაზეთის სამკუთხედში მჭიდრო ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაზე. მაგრამ საუბარი იყო ზოგადი, კონკრეტულ თემებზე ინფორმაცია არ არის. სახალხო კრების შემდეგ დეპუტატებს აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეხვდა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები. ბელარუსის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აფხაზეთში, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები დავგეგმეთ და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდად, გვინდა ვაშენოთ.“ – განაცხადა ბჟანიამ შეხვედრაზე.
- რატომ ჩავიდა ლუკაშენკო სოხუმში? ინალ ხაშიგის კომენტარი
- “ეს არ იყო მისთვის სახალისო მოგზაურობა” – რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტზე
- „343 ჰექტარი 11 რუსული ტანკის სანაცვლოდ“ – აფხაზეთში ოპოზიციას პარლამენტის იმედი აქვს
აფხაზ ექსპერტებში ბელარუსი დეპუტატების ვიზიტს სენსაციად არავინ აღიქვამდა. სენსაცია სექტემბერში მოხდა, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთს ეწვია, ბელარუსი დეპუტატების ვიზიტს კი აფხაზეთში აღიქვამენ, როგორც გაცნობითს – აქ არავინ ელოდება რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას.
ბელარუსთან ურთიერთობის ვექტორი ალექსანდრ ლუკაშენკომ სექტემბერში დაადგინა: ეს არის ახლო ურთიერთობები, მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
თუ ამ კუთხით მიდგომები შეიცვლება და მინსკი მიიღებს გადაწყვეტილებას აღიარების შესახებ, ლუკაშენკო იქნება პირველი, ვინც ამას პირადად განაცხადებს. მას არ სჭირდება ამ გზავნილით აფხაზეთში დეპუტატების გაგზავნა.
გარდა ამისა, ის ნამდვილად არ იჩქარებს აფხაზეთის აღიარებას. ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა – “ურთიერთქმედება აღიარების გარეშე” – მშვენივრად ესადაგება ლუკაშენკოს პოლიტიკას.
საგარეო პოლიტიკის კუთხით მას არაფერი ემუქრება – არც საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა და არც ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემები. თუმცა მცირე, მაგრამ მაინც დადებითი ტენდენციებია – აფხაზური ბაზარი მრავალრიცხოვანი რუსი ტურისტით სრულად გაიხსნება ბელარუსული პროდუქციისთვის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო