აზერბაიჯანის ხელისუფლება გაზრდილ სიკვდილიანობას კორონავირუსს არ უკავშირებს
აზერბაიჯანში, 2019 წელთან შედარებით, მკვეთრად, დაახლოებით, 50 პროცენტით გაიზარდა სიკვდილიანობა. მართალია, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, ხელისუფლება სიკვდილიანობის მატების პანდემიასთან კავშირზე არ საუბრობს.
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, 6 203 ადამიანი გარდაიცვალა.
• ბაქოში, კორონავირუსის ეპოქაში, პლაჟები გაიყო
• დავუჯეროთ თუ არა? პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადა
• ირანი – ვირუსის პირველი კლასტერი საქართველოში. რა იქნება პანდემიის შემდეგ
2020 წლის ივნისში, აზერბაიჯანში, გარდაცვალების 6 203 შემთხვევა დარეგისტრირდა. შედარებისთვის, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი, 4 055-ს შეადგენდა.
2014-2019 წლებში, ივნისში, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 4 040-ია.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2020 წლის ივნისში, აზერბაიჯანში, 2 163 „ზედმეტი“ გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, ივნისში, კორონავირუსით მხოლოდ 150 ადამიანი დაიღუპა“, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე JAMnews-ის ეკონომიკური ექსპერტი, თოღრულ მაშალი.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა იმ დაავადებების მონაცემები, რომლითაც ყველაზე ხშირად იღუპებიან ქვეყნის მოქალაქეები.
მაშ ასე, 2019 წელს, სულ, ქვეყანაში, გარდაცვალების 55 916 ფაქტი დაფიქსირდა. 58% შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გახდა.
მეორე ადგილზეა ონკოლოგიური დაავადებები – 15.8%, მესამეზეა – ტრავმები, მოწამვლა და გარე ფაქტორებიდან გამოწვეული სიკვდილი- 5%.
აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიამ უკვე 509 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ ვირუსით დაავადდა 34 744 ადამიანი, მათგან 32 201 გამოჯანმრთელდა.