აზერბაიჯანში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მწვრთნელს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მეჰმან ხალილოვი – მწვრთნელი, რომელმაც ბავშვი მოკლა
გასული წლის აპრილში, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტში, სამბოს ვარჯიშის დროს 7 წლის ფარიდ ბაკაროვის მკვლელობაში ბრალდებული მწვრთნელის, მეჰმან ხალილოვის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ ის დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სუმგაიტში გამართულ სასამართლო პროცესზე პირველად მოისმინეს ბრალდებული მეჰმან ხალილოვის ბოლო სიტყვა. მისი თქმით, ბავშვი განზრახ არ მოუკლავს, მაგრამ ინციდენტი ვარჯიშის დროს დაუდევრობის გამო მოხდა.
“ფარიდი ჩემი საყვარელი მოსწავლე იყო. როგორ შემეძლო მისი განზრახ მოკვლა? ვინ კლავს ბავშვს კამერების წინ?!“ – თქვა მან.
რა მოხდა?
შემთხვევა გასული წლის 29 აპრილს მოხდა. 2016 წელს დაბადებული ფარიდ ბაკაროვი, რომელიც ვარჯიშის დროს მძიმედ დაშავდა, სუმგაიტის საქალაქო ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ამ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს სამბოს ვარჯიშის დროს მწვრთნელი ბავშვს, რამდენჯერმე ჰაერში აჰყავს და იატაკზე აგდებს.
7 წლის ფარიდ ბაკაროვმა და მისმა ძმამ ორთვიანი წვრთნები სამბოს სექციაში ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსან მწვრთნელ, მეჰმან ხალილოვთან ერთად გაიარეს.
ინციდენტის დროს იქ ფარიდ ბაკაროვას დედაც იმყოფებოდა.
მომხდარის შემდეგ მეჰმან ხალილოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126.3-ე მუხლით წარედგინა (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიკვდილი). თუმცა, გამოძიების დროს ბრალდება გამკაცრდა და ქმედება განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა.
დახურული სასამართლო პროცესი, საბოლოო სიტყვა და განაჩენი
მეჰმან ხალილოვი, რომელიც ბოლო სიტყვებს ამბობდა, მედიასა და სოციალურ ქსელებსაც უყენებდა პრეტენზიებს. მისი თქმით, ეს მოვლენა საზოგადოებამ არასწორად გაიაზრა და ამ აჟიოტაჟის შედეგად მას განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
„სად იყავით, როცა მე, როგორც სპორტსმენმა, ამ ქვეყნის დროშა ავწიე? მაშინ რატომ არ გადაიღეთ და არ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია?!” – განაცხადა ხალილოვმა.
მოსამართლეთა კოლეგია ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ დაბრუნდა და მეჰმან ხალილოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მეჰმან ხალილოვს პირადი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვის დედასთან, აინურა მალიკოვასთან და მან ბავშვი განზრახ, ცემით მოკლა.
აინურა მალიკოვამ სასამართლოში ასევე განაცხადა, რომ მეჰმან ხალილოვმა შვილი მასზე შურისძიების მიზნით მოკლა.
მაგრამ მეჰმან ხალილოვი ამ ბრალდებებს უარყოფს. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მან ასევე განაცხადა, რომ შემთხვევა ვარჯიშის დროს მოხდა. მისი თქმით, ბავშვის დედამ იცოდა, რა პირობებში ვარჯიშობდა მისი შვილი. მეჰმან ხალილოვი მიიჩნევს, რომ პირიქით, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა ბავშვის დედამ შურისძიების მიზნით.
აინურა მალიკოვამ, როგორც დაზარალებულის კანონიერმა წარმომადგენელმა, სასამართლოს სთხოვა სასამართლო პროცესის დახურვა.