აზერბაიჯანში ადამიანებს სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ პოსტებისთვის პოლიციაში იძახებენ
ასეთია „მავნე ინფორმაციის“ გავრცელების აკრძალვის პირველი შედეგები
აზერბაიჯანში რამდენიმე ადამიანი Facebook-ზე კორონავირუსის შესახებ პოსტების გამოქვეყნებისთვის პოლიციაში გამოიძახეს. მათი თქმით, პოლიციელებმა მათ ამ პოსტების წაშლა აიძულეს და გაფრთხილება მისცეს. ასე შედის ძალაში კანონმდებლობაში შესული ახალი შესწორებები, რომელიც „მავნე ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს.
ოფიციალური მონაცემებით, 25 მარტისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 87 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი დაინფიცირებული გარდაიცვალა, ათი გამოჯანმრთელდა.
ციტატა და ხუმრობა როგორც პოლიციაში გამოძახების მიზეზი
ამინა მამედოვა კორუფციასთან დაკავშირებით და იმის შესახებ გამოქვეყნებული პოსტებისთვის, რომ ბაქოში კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ხელოვნურად არის შემცირებული, პოლიციაში პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს.
„ამ ყველაფრის შესახებ სხვის სიტყვებზე დაყრდნობით ვწერდი და ბრჭყალებში ჩავსვი, რათა გასაგები ყოფილიყო, რომ ეს ციტატაა. პოლიციაში ახალი კანონი წამიკითხეს და მითხრეს, რომ მხოლოდ გაფრთხილებით დაკმაყოფილდებოდნენ, რადგან ახალგაზრდა ვარ, მალე ვთხოვდები და ჩემი მშობლები კარგი ადამიანები არიან“, – ასე აღწერს გოგონა პოლიციის განყოფილებაში მის ყოფნას, და დასძენს, რომ მას კორექტულად ექცეოდნენ.
Facebook-ის სხვა მომხმარებელი ბაჰტიარ მამედლი ბაქოში შესვლის აკრძალვის შესახებ ხუმრობის გამო პოლიციაში გამოიძახეს.
„პოლიციელებმა ჩემი ბიოგრაფია გამომკითხეს, ტოპ პოსტის წაშლა მაიძულეს და გამომიშვეს. ვუთხარი, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ მათ გამაფრთხილეს, რომ ამგვარი რამ აღარ გამეკეთებინა, თორემ უარესი მელოდა“, – ჰყვება ბაჰტიარი.
რა არის „მავნე ინფორმაცია“ და რით განსხვავდება ის ცრუ ინფორმაციისგან?
4 მარტს გენერალურმა პროკურატურამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მკაცრ ზომებს მიიღებდა იმ მედიისა და სოციალური ქსელების იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ოფიციალური წყაროებით დაუდასტურებელ ინფორმაციას გაავრცელებდნენ.
17 მარტს აზერბაიჯანის პარლამენტმა „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, და ამით ინტერნეტ რესურსებს აუკრძალა „ყალბი ცნობების გავრცელება, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას, მასობრივად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ფინანსური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სამრეწველო, ენერგეტიკული და ობიექტების საქმიანობას ხელს უშლის, და სხვადასხვა საზოგადოებრივად საშიში მოვლენების წარმოქმნას ემსახურება“.
აზერბაიჯანში ბევრმა ეს სიტყვის თავისუფლების მორიგ შეზღუდვად აღიქვა და გაიხსენეს 2017 წელი, როდესაც კანონმდებლობაში მსგავსი შესწორებები შევიდა.
„ნორმის მიხედვით, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რომელი ინფორმაციაა ყალბი და მავნე. მაგრამ ეს კანონი ამგვარი გადაწყვეტილების სასამართლოს გარეშე მიღებისა და იქვე დაბლოკვისა და პასუხისმგებლობის სხვა სახეობების საშუალებას იძლევა. ასეთი რამ ადრეც მომხდარა. არა ყალბ, არამედ ნამდვილი ინფორმაციის წყაროებს, რაც საზოგადოებაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდა, ამ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია ეძლეოდა და იბლოკებოდა. ეს შესწორება ინტერპრეტაციების სივრცეს აჩენს. მომავალში ამას ბოროტად გამოყენების ბევრი შემთხვევა მოჰყვება, რაზეც სასამართლოს კონტროლი არ იარსებებს“, – უთხრა სააგენტო Turan-ს საინფორმაციო სამართლის ექსპერტმა ალექსერ მამედლიმ.
ექსპერტის მსგავსად, სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ოფიციალური წყაროებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ხშირად ყალბი სულაც არ არის, არამედ – პირიქით.