აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი
აზერბაიჯანმა საქართველოს კოვიდპაციენტების სამკურნალოდ 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი გადასცა.
როგორც აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ჟანგბადი საქართველომ უსასყიდლოდ მიიღო კომპანია Baku Steel-ისგან, რომელმაც ტვირთი საქართველომდე ასევე საკუთარი ხარჯებით ჩამოიტანა.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით მიწოდებაზე”, – განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ.
ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების ხუთი ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება.
სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი.
● კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები
როგორც კორონავირუსის მართვის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყანას ყოველ დღე 80 ტონაზე მეტი სამედიცინო ჟანგბადი სჭირდება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, “ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია”.
მინისტრისვე თქმით, მოთხოვნილების 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადით იფარება.
“ეკონომიკის სამინისტრომ სულ ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას… ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.”
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1303-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3759 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 543-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 139 343 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3574-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 117 560.