აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოპოზიციონერებს ხალხის მტრები უწოდა
ოპოზიციური პარტიის „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერს ალი ქერიმლის სამ დღეში უკვე ორჯერ დაუბლოკეს ინტერნეტი და მობილური კავშირი. დაბლოკილია მისი ოჯახის წევრების მობილური ნომრები, და მათ ბინაში არსებული ქალაქის ტელეფონიც კი. ამას იუწყება „სახალხო ფრონტის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება.
პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციონერს კავშირი იმის გამო გადაუკეტა, რომ მას ონლაინ-ინტერვიუს მიცემის საშუალება არ მისცენ. მათი აზრით, ეს, პანდემია COVID-19-ის ფონზე, რეპრესიების მორიგი რაუნდია.
ოფიციალურ ორგანოებს ჯერჯერობით ამაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
15 აპრილის დილის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში COVID-19-ით დაინფიცირების 1197 შემთხვევაა დაფიქსირებული. 13 ადამიანი გარდაიცვალა, 351 გამოჯანმრთელდა.
2020 წლის იანვარში ალი ქერიმლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა, იმის გამო, რომ მას საზღვარგარეთის პასპორტის გაცემაზე, უკვე 14 წელიწადია, უარს ეუბნებიან.
30 დღე-ღამით პატიმრობა თითოეულ „ხალხის მტერს“
გასული კვირების განმავლობაში „სახალხო ფრონტის“ რამდენიმე წევრი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს. მათ ბრალად „საკარანტინო რეჟიმის დარღვევა დასდეს“ და თითოეულს 30 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს.
დააპატიმრეს სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც. ყველაზე მეტად მსჯელობდნენ პარტია „მუსავათის“ წევრის ტოფიკ იაგუბლუს პატიმრობაზე, რომელსაც ბრალად ხულიგნობა დასდეს – მისი საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, და ვიდრე გამოძიება გრძელდება, იაგუბლუ სამი თვით ციხეში ჩასვეს.
ამ დაპატიმრებამ არამხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცავები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეაც აღაშფოთა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით სულ უფრო ხშირად გაისმის ბრალდება, რომ ისინი ეპიდემიასა და კარანტინს რეპრესიული მიზნებისთვის იყენებენ. ხელისუფლება ამას უარყოფს და დაბეჯითებით ამტკიცებს იმ ვერსიას, რომ ყველა ამ ოპოზიციონერმა კარანტინის წესები მართლაც დაარღვია, ტოფიკ იაგუბლუ კი ორ ადამიანს დაესხა თავს.
სხვათა შორის, 14 აპრილს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე მერამდენედ ღიად განაცხადა, რომ მას ადგილობრივი ოპოზიცია (კერძოდ – „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ და „მუსავათი“) მტრებად და მოღალატეებად მიაჩნია:
„დღეს კორონავირუსი მხოლოდ ამ ანტიეროვნულ დაჯგუფებას ახარებს, მათ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის ზრდა სურთ, უნდათ, რომ დაავადებულთა რაოდენობამ მოიმატოს, უხარიათ, რომ ადამიანები კვდებიან. ანუ – ეს არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს მიმართ მტრობაა. მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. თუკი ვინმე ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ემტერება, მას მხოლოდ ერთადერთი სახელი აქვს – მტერი“, – თქვა ალიევმა.
მოცემული მომენტისთვის აზერბაიჯანში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – დაკეტილია მეტრო, ყველა პარკი და სკვერი, კომერციული ობიექტების უმრავლესობა, ორგანიზაციები და საწარმოები.
ქუჩაში გასასვლელად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ან სამსახურიდან ცნობა ან სპეციალური SMS-ნებართვა, რომელიც დღეში ერთხელ, ორი საათით გაიცემა. 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა საერთოდ ეკრძალებათ.