ასლან ბჟანიას ყველა შანსი აქვს, რომ აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი გახდეს
აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ შემდგარად გამოაცხადა 2020 წლის 22 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნაა.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებს პირველ ტურში, დიდი უპირატესობით იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია (51,3%).
ორი სხვა კანდიდატია – ვიცეპრემიერი ადგურ არძინბა და ყოფილი შს მინისტრი, ლეონიდ ძიაფშიპა.
აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი საქართველოზე: „მათთვის, ვინც გეოგრაფია არ იცის – ჩვენ მეზობლები ვართ“

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა სოხუმში დაფიქსირდა.
საბოლოო შედეგები 23 მარტს გამოცხადდება.
ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორ ჩაიარა 22 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნებმა აფხაზეთში.
აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალური წინაისტორია
2019 წლის 8 სექტემბერს, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და მეორე ვადით წავიდა ამ პოსტზე. ოპოზიციამ ეს გააპროტესტა და განაცხადა, რომ ხაჯიმბას არ გაუმარჯვია, რადგან მან ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა იმ დროს, როდესაც კანონის თანახმად, ამისათვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ს +1 ხმა.
კრიზისი გამწვავდა, როდესაც ნოემბერში, სოხუმის ცენტრში, პოპულარულ რესტორანში, შუადღისას გახმაურებული სამმაგი მკვლელობა მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავდასხმაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრი იყო.
2020 წლის 9 იანვარს, მოკლულების ახლობლებმა და მეგობრებმა, ათასამდე ადამიანმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე და მისი გადადგომა მოითხოვეს. იმავე დღის მეორე ნახევარში, უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები არასწორად გამოაცხადა.
უკვე 12 იანვარს, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა.
_______________________________________________________
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო