ბათუმში შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა
გაზიარება
გაზიარება
არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ბათუმში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. წინასწარი პირველადი მონაცემებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 31%, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა რამაზ ჯინჭარაძემ კი 69% მიიღო.
ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად განხორციელდა ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით.
ბათუმში საკრებულოს ახალი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძე ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა. ზეწოლა კი იმის გამო მოხდა, რომ ფუტკარაძე საკრებულოში “ქართულ ოცნებას” შეერთებოდა, რითაც ეს უკანასკნელი უმრავლესობას ჩამოაყალიბებდა. სწორედ ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იყო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი შუალედურ არჩევნებზე.
შუალედური არჩევნები ტარდებოდა რუსთავშიც, რადგან დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა.
რუსთავში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა.ხოლო ოპოზიციამ “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომის პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდა და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ არჩევნები გადაედო. ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა.