კარლ ჰარცელი: ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო?
კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას – სად მიდის საქართველო და რა იქნება ქვეყნის შემდეგი ნაბიჯი. ამის შესახებ მან 4 არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა.
“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ 19 აპრილის შეთანხმება, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში, იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური დისკუსიაა, საჭიროა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას.
საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, 19 აპრილის დოკუმენტი არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზამკვლევი, ეს არ არის ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი. ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი? იყო საკითხები, რომლებიც შესრულდა, რაც შეეხება შეუსრულებელ ნაწილს, მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
● ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
● საქართველო 2021: არჩევნები, სააკაშვილის ჩამოსვლა, ბათუმის ტრაგედია – წლის 13 მთავარი ამბავი
● მოსაზრება: რატომ არ გამოდიან ქართველები ქუჩაში?
“ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს ითვალისწინებდა.
ასევე, შეთანხმებაში ეწერა, რომ თუკი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებ ხმას აიღებდა, იგი დააკმაყოფილებდა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას და დანიშნავდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.
28 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, მაშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, კობახიძემ თქვა, რომ შეთანხმების გაუქმებაში დამნაშავე ოპოზიციაა. მისი თქმით, დოკუმენტი უქმდება იმიტომ, რომ მასზე ხელი არ მოუწერია ოპოზიციის ერთ ნაწილს, მათ შორის, პირველ რიგში, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” , ქვეყნის ნომერ პირველ ოპოზიციურ პარტიას რეიტინგის მიხედვით.
მმართველი გუნდის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს იმ კრიტიკაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მისამართით ისმის სწორედ შეთანხმებაში ასახული პუნქტების შეუსრულებლობის გამო – შეჩერებულიყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, ვიდრე ქვეყანაში სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა.