ბელარუსის პრეზიდენტი ციხეში პატიმრებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ელაპარაკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ციხეში, პოლიტპატიმრებს შეხვდა. ოფიციალური ვერსიით, მათ საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს. რა დგას სინამდვილეში ამ მოვლენის უკან? ბელარუსი ექსპერტების მოსაზრება.
ბელარუსის КГБ-ს იზოლატორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ალექსანდრ ლუკაშენკო, მისი დაცვის ორი წევრი და 11 პოლიტპატიმარი – ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათი შტაბის წევრები და არჩევნების შემდეგ შექმნილი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები.
• ფოტო: ლუკაშენკოს ინაუგურაცია სპეცოპერაციას ჰგავდა
• რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
• ბელარუსი: ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებს და „რეფორმებს“ გვთავაზობს
შეხვედრა მშვიდობიანი დემონსტრანტების მორიგი სასტიკი დარბევის ფონზე გაიმართა. საპროტესტო აქციები ბელარუსში, უკვე თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს – მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს, ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. თუმცა, ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ვერსიით, განიხილებოდა საკონსტიტუციო რეფორმა და „პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველას ხმა მოესმინა“. ამ წყაროს თანახმად, „კონსტრუქციული საუბარი გაიმართა“, მაგრამ „მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არ გაახმაურონ შინაარსი“.
დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ამ შეხვედრაზე მარია კოლესნიკოვას არყოფნას გაუსვეს ხაზი – ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და პოპულარული ფიგურისა.
შეხვედრის მეორე დღეს, ციხიდან გაათავისუფლეს ორი პატიმარი. მათ ინტერვიუ მისცეს, სადაც დადებითად შეაფასეს ლუკაშენკოს ინიციატივა და განაცხადეს, რომ „მათ საკონსტიტუციო რეფორმის წინადადების მომზადება დაევალათ“.
დამოუკიდებელი მედია და ექსპერტები ალექსანდრ ლუკაშენკოს ციხეში ვიზიტს განსხვავებულად ხედავენ.
„ბელარუსის მმართველის შეხვედრა მის მიერვე დაპატიმრებულ პოლიტპატიმრებთან – დიდსულოვნების გამოვლინება არ არის. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის ფრონტზე საქმეები ძალიან ცუდად არის. ესაა განწირული მცდელობა, მოსინჯოს, რამდენადაა შესაძლებელი პოლიტპატიმრების გაცვლა დასავლეთის მხრიდან „გვერდების გადაფურცვლაში“, – მიაჩნია კვლევით ცენტრ EAST-ის წარმომადგენელ ანდრეი ელისეევს.
„ლუკაშენკო კრიტიკულ სიტუაციაშია და მიუხედავად მთელი ძალისხმევისა და ტერორისა, ქვეყანაში ვითარება სტაბილურისგან ძალიან შორსაა. აუცილებელია დაძაბულობის მოხსნა და პროტესტის დამშვიდება. ციხეში ვიზიტი – ეს უბრალოდ არის მცდელობა, რომ ყველას აუბნიოს თავგზა“, – ამტკიცებს ვარშავის პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, პაველ უსოვი.
ფილოსოფოსი ვლადიმირ მაცკევიჩი ამბობს, რომ ეს შეხვედრა იმის მაგალითია, რა ელის ქვეყანას, თუკი ლუკაშენკო ხელისუფლებაში დარჩება:
„დიალოგის სქემა ასე გამოიყურება: ლუკაშენკო – შს მინისტრი:
„დააპატიმრეთ ეს, ესა და ეს. ხელბორკილები დაადეთ და ალიკაპი ამოსდეთ. მათთან დიალოგის წარმართვა მინდა“.