აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი ნასვამი ტურისტებისგან დაცვას ითხოვს
ახალი ათონის მონასტერი და მთვრალი რუსი ტურისტები
აფხაზეთში, ახალი ათონის მონასტრის ბერებმა ტუროპერატორებს თხოვნით მიმართეს, დაიცვან ისინი მთვრალი რუსი ტურისტებისგან.
ახალი ათონის მონასტერი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია აფხაზეთში რუს ტურისტებს შორის. საკურორტო სეზონის დროს, მას ყოველდღიურად, რამდენიმე ათასი ადამიანი სტუმრობს.
დიდი ექსკურსიის საერთო ხანგრძლივობა ათ საათზე მეტს შეადგენს. მაგრამ, როგორც წესი, მას ტუროპერატორები აფხაზეთის სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან ერთად, საერთო პაკეტში ყიდიან.
ყველაზე ხშირად, მთელი „კომპლექტი“ გათვლილია მხოლოდ ერთ ან ორ დღეზე და ტური ყოველთვის ითვალისწინებს ერთ-ერთი სოფლის მონახულებას სუფრასთან ერთად ან ღვინის დეგუსტაციას მაინც.
შედეგად, დამსვენებლები მონასტრებში ხშირად მთვრალები მიჰყავთ.
„ასეთ მდგომარეობაში სტუმრობენ ისინი მონასტერსა და ახალი ათონის მღვიმეებს. ტურისტები არაერთხელ გამხდარან ცუდად, როგორც უშუალოდ ტაძარში, ისე მონასტრის ეზოში“, – ნათქვამია მონასტრის ხელმძღვანელების ტუროპერატორებისადმი მიმართვაში.
ბერები ტურისტულ ორგანიზაციებს პასუხისმგებლობის გამოჩენას და მთელ მარშრუტზე, თუნდაც უფასო სანიტარული ადგილების ორგანიზებას სთხოვენ, რათა ტურისტებმა თავი წესრიგში მაინც მოიყვანონ. ამას გარდა, „ტურისტების წინასწარ გაფრთხილებას, რომ მათ თან ჰქონდეთ სპეციალური პაკეტები, რომელსაც სასმლით მოწამვლის შემთხვევაში გამოიყენებენ“.
სასულიერო პირები ასევე ითხოვენ, წინასწარ გააფრთხილონ ტურისტები იმის შესახებ, რომ არ შეიძლება მონასტრის წინ კედელზე აცოცება ფოტოს გადასაღებად.
მონასტერი ასევე სთავაზობს ტურიზმის სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს ამ სიტუაციას. „პატივი ეცით სტუმრებს, მაგრამ გააფრთხილეთ იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ახალი ათონის წმინდა ადგილებში“, – ნათქვამია მიმართვაში.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო