აფხაზეთში ადგილობრივმა მცხოვრებმა რუს ტურისტებს ესროლა
აფხაზეთში, ადგილობრივმა მცხოვრებმა ორ რუს ტურისტს ესროლა. ინციდენტი 15 ივნისს, ბიჭვინთაში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხუთი ტურისტისგან შემდგარ ჯგუფთან მამაკაცი მივიდა და გოგოების შეწუხება დაიწყო. იქვე მყოფი მამაკაცების თხოვნაზე, ხელი არ შეეშალა, მან იარაღი ამოიღო და მათ ესროლა.
ჯერჯერობით ცნობილია ორი დაჭრილი ტურისტის შესახებ, რომლებიც ახლა სოჭში გადაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, მძიმე მდგომარეობაშია.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ „სამშიტოვაია როშაში“ ტურისტებს ცეცხლი 43 წლის დმიტრი ფილიამ გაუხსნა, რომელიც სოფელ ლიხნში ცხოვრობს და აქამდე არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულში.
ახლა ის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, რადგან ასხლეტილი ტყვია მოხვდა. ფილია დაპატიმრებულია.
ზარი „სამშიტოვაია როშას“ ტერიტორიაზე, რესტორან „აფსნიში“ სროლის შესახებ, ბიჭვინთის სამორიგეო ნაწილში, დაახლოებით, 00:20 საათზე შევიდა.
ადგილზე მისულმა მილიციონერებმა გაარკვიეს, რომ დმიტრი ფილიამ ესროლა რუსეთის მოქალაქეებს, ფილოიან ა.ა-სა და სალიმგარიევ ტ.ნ-ს. მოულოდნელად დაწყებული ჩხუბის გამო.
ფილოიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სამი ტყვია მოხვდა მარცხენა ტერფისა და ორივე მუხლის არეში, სალიმგარიევს – ექვსი ჭრილობა აქვს მარცხენა ფეხისა და მენჯის არეში.
ტურისტებს პირველი დახმარება გაგრის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ისინი სოჭში გადაიყვანეს.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მომხდარი შეაფასა, როგორც რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მან ტურისტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერების განკარგულება გასცა.