აფხაზეთი: მილიციასთან შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა
აფხაზეთში, მილიციასთან შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყების თანამშრომლებზე თავდასხმა აღკვეთა. სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ საქმის ფიგურანტები დაღუპული მეგობრის გამო შურისძიებას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიული ცნობები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგრის სამმართველოს თანამშრომლებზე თავდასხმის მომზადების შესახებ. 16 ნოემბერს, ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის შედეგად – სოფელ ბზიფის ორი მცხოვრებისა მილიციის თანამშრომლების შეტაკება მოხდა.
შედეგად, ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაიჭრა.
- „ხელისუფლების ბედი ბარიკადების გამძლეობაზეა დამოკიდებული“. აფხაზეთი პროტესტმა მოიცვა
- “ახლა უნდა მოგკლათ” – აფხაზეთში რუსი ტურისტი აწამეს
- მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“
ინციდენტს მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება. ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა გაგრის რაიონის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც მილიციელებზე თავდასხმის აღკვეთასთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს.
ამავე დღეს, სოხუმში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდობის შეკრება უნდა გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორებმა გაგრაში მომხდარი ინციდენტის გამო მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამასობაში, სოციალურ ქსელებში ერთხმად ამტკიცებენ, რომ თავდასხმის მცდელობა დაკავშირებულია ოცდახუთი წლის ანრი ატეიბას სიკვდილთან.
ამა წლის 7 აგვისტოს, ანრი ატეიბა მილიციის თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მომდევნო დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულს სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდა.
12 აგვისტოს ღამით, ანრი ატეიბა კამერაში თვითმკვლელობის მცდელობის დროს აღმოაჩინეს. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთი თვის შემდეგ, გონზე მოუსვლელად ერთ-ერთ ქართულ კლინიკაში გარდაიცვალა.
ანრი ატეიბას ნათესავები ამტკიცებდნენ, რომ მილიციის განყოფილებაში მას სცემდნენ, დასცინოდნენ და ამით მიიყვანეს სუიციდამდე.
აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ ატეიბას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით არანაირი სერიოზული გამოძიება არ ჩატარებულა.
შესაძლოა, სწორედ საგამოძიებო ორგანოების ინერტულობამ უბიძგა გარდაცვლილი ატეიბას ორ მეგობარს შურისძიებისკენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო