აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ექიმების მწვავე დეფიციტის გამო, სამუშაოდ კოვიდ-კლინიკაში წავიდა
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ალხას კონჯარია მორიგე ექიმად წავიდა გუდაუთის ჰოსპიტალში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის მწვავე დეფიციტია, რომელთა ნაწილიც ასევე ინფიცირებულია.

უახლოეს დღეებში, მედპერსონალთან დაკავშირებით ვითარება, შეიძლება, კიდევ უფრო კრიტიკული გახდეს, რადგან 15 თებერვალს, აფხაზეთში მუშაობას ამთავრებს რუსული მობილური სამხედრო ჰოსპიტალი.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ უკვე მიმართა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, გააგრძელოს ან განაახლოს რუსი ექიმების მივლინება.
„პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. რუსი ექიმების დახმარებას აფხაზეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს პროექტი მთავრდება, რადგან თავად რუსეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისევ ჩამოვლენ“, – განაცხადა ცახნაკიამ.
აფხაზეთში, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. პანდემიის დაწყებიდან, კორონვირუსით ინფიცირების 11 800 შემთხვევა გამოვლინდა. 181 პაციენტი გარდაიცვალა, 10 625 კი გამოჯანმრთელდა.
