ნიკა გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა
გვარამიას მოსამართლე
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.
როგორც “ფორმულას” წყარო ჰყვება, მიზეზი ჩხიკვაძის პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს ელჩ კელი დეგანთან შეხვედრაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე სანქციების დაწესება მოითხოვეს. თუმცა უცნობია, ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნაა თუ არა
მოსამართლის თანაშემწე, თამარ ფხაკაძე “ფორმულასთან” ამბობს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
თავად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე უარს ამბობს შეაფასოს” ფორმულას” მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
“არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ”, – უთხრა მან ტელევიზიას.
ხოლო “რადიო თავისუფლებას” მან განუცხადა, რომ პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი საელჩომ უნდა გააკეთოს.
16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
მკაცრს შეფასებას აკეთებს აშშ-ის საელჩო – ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.
ხოლო საქართველოს ოთხი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერები მოუწოდებენ დასავლეთს, არ მისცეს საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია ქვეყანაში.