თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია გაიმართა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ფართომასშტაბიანი შეკრება გაიმართა.
აქციაზე სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის სპიკერი კახა კუჭავა, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები გამოვიდნენ. აქციაზე ელოდნენ ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ მმართველი პარტიის დამფუძნებელი მხარდამჭერებთან არ გამოჩენილა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს 2 ოქტომბრის “ტრიუმფალური გამარჯვება” ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ასევე, ღარიბაშვილის თქმით, არავის აპატიებენ პატრიარქის და სახელმწიფოს ფუნდამენტის – ეკლესიის ლანძღვას:
“ადრე თუ გვიან, ძვირფასებო, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას.”
ღარიბაშვილისვე თქმით, საქართველოში ეკონომიკა ჯერ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატია.
“რა თქმა უნდა, ჯერ ბევრს აწუხებს სიღარიბე და უმუშევრობა. ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება და შეხსენება მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები”, – ამბობს ღარიბაშვილი.
ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის თქმით დაიწყო გამოსვლა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც.
“2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს”, – თქვა კობახიძემ.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლებას არ გადააბარებენ მათ, ვინც ებრძვის ილია ll-ს, ხატს და ჯვარს. მინისტრმა მიმართა პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც:
“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა – არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები.”
თეა წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი სასამართლო და პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია.
“დღეს ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ევროკავშირისა და ნატოს კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიპლომატთა დიდმა ჯგუფმა, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგი ასაკშია. ჩვენ ამ კაკუნით ეს შედეგი დავაყენეთ”, – განაცხადა წულუკიანმა.
● თავისუფლება მიშას: რას ფიქრობენ ექსპერტები ბოლო ცხრა წლის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● “ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე უნდა გამოიძიოთ” – ევროპარლამენტარები
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ქართველებმა ხელისუფლებას დააკისრეს სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცის დაცვის პასუხისმგებლობა:
“ქართველები თავისუფლების მოყვარული, სამართლიანი, სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ. ყოველმა მეორემ ხმა ჩვენ მოგვცა, როგორც ამ ღირებულებების დამცველ მმართველ პარტიას, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, ჩემო მეგობრებო, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება.”
მისივე თქმით, თბილისელების ნდობას აუცილებლად გაამართლებს.
“მე არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა სიკეთეზე სიკეთით მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ჩემო მეგობრებო, ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე მაშინ არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს. ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავისუფლების მოედანზე აქცია მმართველმა პარტიამ 25 ოქტომბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მაშინ ამბობდა, რომ 27 ოქტომბერს “ქართული ოცნების” აქცია არ არის ენმ-ის აქციის საპირწონედ დაგეგმილი შეკრება.
“რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ეს არის კონტრაქცია თუ რეალური აქცია“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციას წინ ინციდენტები უძღოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან აქციაზე თბილისისკენ მიმავალ კოლონებს “ქართული ოცნების” პარტაქტივმა გზა გადაუკეტა და ცოცხები დაუშინა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 27 ოქტომბრის აქციისთვის მასობრივად დააორგანიზა ხალხი საჯარო სამსახურებში და აიძულა მათ, მინიმუმ ხუთი ადამიანი წაეყვანათ თავისუფლების მოედანზე.
სანამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სამსახურის თანამშრომლები თბილისში აქციაზე იდგნენ, ოზურგეთის მერიის შენობის აივნიდან აქტივისტებმა ბანერი „თავისუფლება მიშას!“ გადმოკიდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა სიუჟეტი, რომლის მიხედვით, “ქართული ოცნება” აქციაზე მოსვლის სანაცვლოდ, სხვადასხვა საჯარო პირებს, ასევე სსიპების და აიპის თანამშრომლებს, 50 ლარს უხდის.