დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. ოპოზიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს ადანაშაულებს
არჩევნებამდე 11 დღით ადრე, დმანისში, მხარდამჭერებთან შესახვედრად მისული ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ოპოზიცია მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი კონკრეტულ სახელებსაც ახსენებს, მათ შორის, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და მის შვილს.
ის ამბობს, რომ არსებობს ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალაც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის აქტივისტები „ვიღაც დეგენერატმა დაჭრა“, რაზეც ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მან მთავარი პასუხისმგებლობა კრიტიკულ მედიას დააკისრა.
შემთხვევა დმანისში, სოფელ განთიადში, 21 სექტემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებს ხვდებოდნენ
კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, იგივე ადამიანები, ვინც მას და მის მომხრეებს, გასულ, 2020 წლის არჩევნებზეც ესხმოდნენ თავს.
ოქრიაშვილი ამბობს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დათუაშვილი და მისი შვილიც.
„ჩვენ მივედით, მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შესახვედრად. როდესაც გავიარეთ ქალაქში მანქანებით, ჯერ გვაგინებდნენ, გვისტვენდნენ, მერე უკვე ჩვენ გავჩერდით შთაბთან, სადაც მოსახლეობა იყო შეკრებილი. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ გველოდებოდნენ. [ამ დროს] 20-30 ადამიანი დაიძრა ჩვენსკენ, იქვე, 500 მეტრია შტაბიდან [მმართველი პარტიის], ყვირილით, გინებით. ეს ყველაფერი არის ვიდეოზე დაფიქსირებული“, – თქვა კახა ოქრიაშვილმა ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიასთან ჩართვაში.
გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რო თავდასხმა სუს-ის ორგანიზებული იყო:
„სუს–ის დაგეგმილი, დაორგანიზებული და მისივე აგენტების მიერ განხორციელებული თავდასხმა ვნახეთ ჩვენ. თითოეული ადამიანი მიმართული იყო იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო კამპანია არ ჩატარებულიყო და შიში დაენახა“.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში, მიხეილ დათუაშვილი, ოქრიაშვილის ბრალებას უარყოფს. დათუაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი თავად ოქრიაშვილმა დაგეგმა.
„გამოიარეს სიგნალებით, შეურაცხყოფებით. ჩემი შვილი მე დღესაც არ მინახავს და როგორ გაარკვიეთ რომ ჩემი შვილი იყო, არ ვიცი და თუ ეგრე მიაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი.. მაგრამ იქნებ მიამსგავსეს, იქნებ ის, მაგრამ ფაქტია, რომ არ ყოფილა[…] შეიძლება თვითონ დააზარალეს, ერთმანეთში მოხდა რაღაც შელაპარაკება და თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქვე ლანძღავდნენ ერთმანეთს. არავისთან თავდასხმა არ გვჭირდება, ჩვენ ვართ მოგებულები, გამარჯვებულები. თვითონ არიან გაღიზიანებულები, რომ წაგებული პოზიცია აქვთ”, – ამბობს მიხეილ დაუთაშვილი “მთავარ არხთან”.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მომხდარის კომენტირებისას თქვა, რომ დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იკითხება.
“რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა… როდესაც ადგილი აქვს ექსცესს და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა. ეს არის პირველი შემთხვევა ამ 3-თვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე?
პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, და უბედურებაზე – რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომხდარის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ დმანისის საარჩევნო სიიდან ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირის მოხსნა და ინციდენტში მონაწილეების დაკავება მოითხოვა.
მანვე, რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირვებლო მისიებს მიმართა.
“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ არ აქვს კანონიერად.
უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებები “ქართული ოცნების“ მხრიდან”, რომელიც ძალადობის გარდა არაფერს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დაიწყო თუ არა გამოძიება, დმანისში მომხდართან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.