„ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს“ - რა თქვეს "ოცნების" ლიდერებმა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ
ივანიშვილი ოცნების სხდომაზე

ბიძინა ივანიშვილი 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჯერ პარტიის პოლიტსაბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას უძღვებოდა. ეს პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის პირველი საჯარო გამოჩენაა თვეების განმავლობაში.
თუმცა, მთლად “გამოჩენაც” არ ეთქმიშ – თავად ივანიშვილს ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს. პარტიის პრესსამსახურმაც სხდომიდან მხოლოდ უხმო კადრები გაავრცელა.
რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა, ცნობილი სამი წყაროდან გახდა: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან, პარტიის წერილობითი განცხადებიდან და უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მოკლე კომენტარიდან.
კობახიძის თქმით, ივანიშვილმა „გულისტკივილი“ გამოთქვა ციხეში მყოფი ყოფილი თანაგუნდელების გამო. თუმცა, პარტიის განცხადებაში ეს თემა სხვა ტონით არის გადმოცემული: გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები „სრულად და ეფექტურად“ არის გადალახული.
სანამ ოფისში სხდომები მიმდინარეობდა, შენობის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“. მათ ბანერები და დროშები ეჭირათ. ერთ-ერთ ბანერზე ეწერა „ქოცობა = ქვეყნის ღალატს“, მეორეზე „სისხლიანი 14 წელი“.
ვინ შევიდა პოლიტსაბჭოში
სხდომების ერთადერთი საჯაროდ გამოცხადებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გაფართოებაა. მის შემადგენლობაში უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შევიდნენ.
პრესსამსახურის კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილი სხდომაზე შედის, დეპუტატებს ხელს ართმევს და ადგილს იკავებს. პრეზიდიუმთან მის გვერდით ისხდნენ კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და კირცხალია. დარბაზში იყვნენ მინისტრებიც.
კობახიძის თქმით, ორივე სხდომაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები განიხილეს. პარტიის განცხადებაში ქვეყანაში მიმდინარე „პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები“ არის დასახელებული. განცხადების თანახმად, სხდომაზე მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ ინიციატივებსა და რეფორმებსაც დაეთმო დრო.
რა ფონზე შეიკრიბა „ქართული ოცნება“
ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, 2024 წლიდან ის აშშ-ის სანქციების ქვეშაა.
პარტიის სხდომებზე მისი მონაწილეობა ემთხვევა, სამთავრობო გუნდში არსებულ კრიზისს – „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს ერთმანეთის მიყოლებით კორუფციის ბრალდებებით არიან დაკავებული.
ყველაზე ხმაურიანი საქმე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეხება. 2026 წლის იანვარში მას საპროცესო შეთანხმებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აგვისტოში პროკურატურამ მას ქრთამის აღებისთვის ახალი ბრალი წარუდგინა. ღარიბაშვილი ციხიდან წერილებს აქვეყნებს, რომლებშიც კობახიძესა და მდინარაძეს ადანაშაულებს. 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლა გამოაცხადა. წერილებთან კავშირი მან უარყო.
სხდომები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სასამართლო სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ცხრა პარტიის ალიანსმა 25 ოქტომბერს თბილისში აქცია დააანონსა სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
ღარიბაშვილი: „გულისტკივილი“ და „გადალახული გამოწვევები“
ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, ხომ არ ყოფილა საუბარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რაიმე ფორმით გათავისუფლებაზე. კობახიძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ივანიშვილმა „განვითარებული პროცესები“ ზოგადად შეაფასა.
„ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის (…)“, თქვა კობახიძემ.
მანვე დაამატა: „სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა“.
ღარიბაშვილს 2026 წლის იანვარში, საპროცესო შეთანხმების შედეგად, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აგვისტოში პროკურატურამ მას ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების ვერსიით, ყოფილმა პრემიერმა 750 000 ლარი ქრთამის სახით მიიღო. ღარიბაშვილის ადვოკატების თქმით, ის ახალ ბრალს არ ეთანხმება.
პარტიის განცხადებაში იმავე თემაზე „გულისტკივილი“ არ ჩანს. მისი თანახმად, ივანიშვილმა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები შეაჯამა და თქვა, რომ „პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“.
კობახიძე: „მეგობრობა არ არის თქვენი საქმე“
კობახიძის თქმით, გუნდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსზე, მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრეს. მდინარაძემ 27 აგვისტოს თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მაშინ მან უარყო, რომ გადადგომა ციხიდან გამოქვეყნებულ ღარიბაშვილის წერილებს უკავშირდებოდა.
კობახიძემ საჯაროდ ამ თემის განვითარებაზე უარი თქვა. „მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული“, განაცხადა მან და დაამატა, რომ ასეთ დროს საკითხის წინ წამოწევას მიზანშეწონილად არ თვლის. მისი თქმით, მდინარაძესთან პერიოდულად აქვს კომუნიკაცია. კითხვაზე, ისევ მეგობრობენ თუ არა, პირდაპირი პასუხი არ გასცა.
„მეგობრობაზე კითხვას რატომ სვამთ? მეგობრობა არ არის თქვენი საქმე“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წევრის, დიტო სამხარაძის პოსტიც ახსენეს.
ამ პოსტში ის პარტიაში გამოვლენილ „ვირთხებზე“ წერდა. კობახიძეს ჰკითხეს, გულისხმობდა თუ არა სამხარაძე მდინარაძესაც და მოსალოდნელია თუ არა მის მიმართ სამართლებრივი პროცესი.
„ვინ რა ამოიკითხა, არ ვიცი“, უპასუხა პრემიერმა. მისი თქმით, ასეთ ვარაუდს „არავითარი საფუძველი არ აქვს“.
კირცხალია: ივანიშვილმა ყველაზე მეტი კობახიძეზე ისაუბრა
სხდომების შემდეგ კირცხალიამ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებს უპასუხა. მისი თქმით, ივანიშვილმა კობახიძეზე ბევრი ისაუბრა და ყველაზე მეტი დროც სწორედ მას დაუთმო.
„რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა კირცხალიამ.
გადადგომის შესახებ ხმები მან ოპოზიციის ჭორად მოიხსენია.
„როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი“, -თქვა კირცხალიამ.
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ბრიფინგზე კობახიძე მთავარ პოლიტიკურ თემას – პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსაც შეეხო. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული პირველადი ინფორმაციით, „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“. მან ისიც თქვა, რომ გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა.
სექტემბერში, „რუსთავი 2“-ის ეთერში, კობახიძემ კონკრეტული ციფრები დაასახელა: პირველადი მონაცემებით, სამი მილიონი ლარიდან 722 ათასი დაიხარჯა. კითხვები, რომლებზეც მაშინ პასუხობდა, კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძეს უკავშირდებოდა.
კობახიძის თქმით, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ. კითხვაზე, უნდა დაინტერესდნენ თუ არა საკითხით საგამოძიებო უწყებები, მან ასე უპასუხა:
„ჯერ თქვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას და თუ რაიმე კითხვა დარჩება ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ერთად და შეგვიძლია, ნებისმიერ უწყებას მივმართოთ“.
“მაინც გამარჯვებულები ვართ” – კობახიძე მედიის რეგულირებაზე
კობახიძეს კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიის რეგულირებაზეც ჰკითხეს. მან ის ობიექტურობის სტანდარტის აღსრულებით ახსნა. მისი თქმით, ეს ნორმები კანონმდებლობაში წლებია არსებობს, თუმცა აღსრულების მექანიზმი აქამდე არ მოქმედებდა. ახლა კი საინფორმაციო გამოშვებას ნეიტრალურობის მოთხოვნა აღსრულების მექანიზმით ეკისრება. საავტორო გადაცემაზე ეს მოთხოვნა არ ვრცელდება.
„ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები“, – თქვა კობახიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომისიამ „ფორმულისა“ და „ტვ პირველისთვის“ შედგენილ ოქმებში 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენება გააპროტესტა. ორგანიზაციის მონაცემებით, მათ შორისაა „რეჟიმი“, „ოლიგარქი“ და „ივანიშვილის პრემიერი“, ჯარიმები კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.