ახალი რუსული ემბარგო და მოსკოვის მოთხოვნები: რატომ ახლა და რა საფრთხეს ხედავენ ქართველი ექსპერტები
რუსული ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ

რუსეთმა შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ამ გადაწყვეტილების პარალელურად, მოსკოვმა თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებისა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენის მოთხოვნა გაუმეორა.
ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სავაჭრო შეზღუდვების მიზეზი არ იცის და რუსეთის გადაწყვეტილების შეცვლას ელოდება.
ეს მოვლენები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პოლიტიკის ფონზე. ხელისუფლება წლების განმავლობაში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას და საერთაშორისო სანქციებთან არშეერთებას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნიდა. თუმცა, ამ პოლიტიკამ ქართული კომპანიები რუსეთის ცალმხრივი სავაჭრო გადაწყვეტილებებისგან ვერ დაიცვა, ამბობენ ექსპერტები.
მთავარი კითხვებია: რატომ მიიღო მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ახლა, რა შეიძლება სურდეს საქართველოს ხელისუფლებისგან და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეკონომიკური ზეწოლა?
რა მოხდა: აკრძალვა შვიდი კომპანიის წინააღმდეგ
რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტით, დროებით შეჩერდა რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი და მიმოქცევა რუსეთის ტერიტორიაზე. გადაწყვეტილების შესახებ 10 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
შეზღუდვა შეეხო მსხვილ ქართულ კომპანიენს – „თელიან ველს“, „თბილღვინოს“, „ძმებ ასკანელებს“, „ვაინმენს“, „ქართული ლუდის კომპანიას“, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლას“ და „ნაბეღლავს“.
აკრძალულ პროდუქციას შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყალი.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს მთლიანად ქართული ღვინის ან სხვა სასმელების იმპორტი არ აუკრძალავს. შეზღუდვა კონკრეტულ მწარმოებლებს ეხება.
რუსული დოკუმენტი გადაწყვეტილებას სანიტარულ ღონისძიებად განსაზღვრავს. თუმცა მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის განმარტებული, რა კონკრეტული დარღვევები აღმოაჩინეს ამ კომპანიების პროდუქციაში და რატომ შეირჩნენ სწორედ ეს მწარმოებლები.
12 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ჩვენ ვერკვევით ამ საკითხში და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება. ამაზე ვმუშაობთ“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილებას გასაკვირი და საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარია უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს შეეხო და არა მთლიანად ქართულ პროდუქციას.
რატომ ახლა? ექსპერტები მოსკოვის შესაძლო მოტივებზე
ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა გადაწყვეტილება პოლიტიკურ ზეწოლას დაუკავშირეს.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ახსენებს. მისი შეფასებით, მოსკოვმა უკვე მიიღო მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური დათმობები და ახლა შესაძლოა დამატებით ნაბიჯებს ითხოვდეს.
● ქართული ღვინო: რა დგას წარმატების უკან
● საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე
„მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს. მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგიათ. რუსეთმა მიიღო ყველა დათმობა, რაც დასავლურ ფრონტზე შეეძლო “ქართულ ოცნებას” დაეთმო.“
რუხაძის აზრით, საქართველოს ურთიერთობების გაუარესება ევროკავშირთან და დასავლელ პარტნიორებთან მოსკოვის ინტერესებში შედის. ამავე დროს, გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ახალი შეზღუდვები სწორედ ამ დამოკიდებულების დემონსტრირებაა.
„დარწმუნებული ვარ, უკვე ცხადია “ქართული ოცნებისთვის”, რას ითხოვს კრემლი მისგან. ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია, საერთოდ წყობიდან გამოიყვანოს საქართველოს ეკონომიკა. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი ჰაერზე არ გადადგეს, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” რაღაცაზე ფეხს ითრევს და რაღაცას არ ასრულებს.“
▇ რუხაძე ორ შესაძლო საკითხს ასახელებს: ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს.
თუმცა თავადვე ხაზს უსვამს, რომ კონკრეტული მიზეზის დასადგენად მეტი ინფორმაციაა საჭირო.
აფხაზეთი, ძალის გამოუყენებლობა და რუსული ემბარგო: რა კავშირია?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი 9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრა ნოემბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებლად გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, მოსკოვი კვლავ მოითხოვს, რომ საქართველომ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები გასცეს და დაიწყოს ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია, რასაც დემარკაცია უნდა მოჰყვეს.
ამ მოთხოვნებს ორი განსხვავებული განზომილება აქვს.
პირველი ძალის გამოუყენებლობის საკითხია. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. უსაფრთხოება და ძალის გამოუყენებლობა ამ ფორმატის მუდმივი თემებია.
თუმცა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფუნდამენტური უთანხმოებაა იმაზე, ვინ უნდა აიღოს შესაბამისი ვალდებულებები. რუსეთი მოითხოვს გარანტიებს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ, რითაც პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს. საქართველოს პოზიციით კი, უსაფრთხოების მთავარი პრობლემა რუსეთის სამხედრო ყოფნა და ოკუპაციაა.
მეორე საკითხი კიდევ უფრო შორს მიდის. ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის მოთხოვნით მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს.
ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი აღიარებს.
თეონა აქუბარდია სწორედ ამ ორ მოთხოვნას მიიჩნევს რუსეთის ფართო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად.
მისი შეფასებით, მოსკოვი ცდილობს, საქართველოს მიმართ არსებული გავლენა სამართლებრივად და პოლიტიკურად განამტკიცოს.
„მისი საბოლოო მიზანია საქართველოზე გააფორმოს სტრატეგიული კონტროლი – ის, რაც რუსეთს უკვე აქვს, ფაქტობრივად, თუმცა არ აქვს გაფორმებული იურიდიულად.“
აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური შეზღუდვები, ოკუპირებული რეგიონების საკითხი და საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება ერთმანეთისგან იზოლირებულ მოვლენებად არ უნდა განიხილებოდეს.
მისი აზრით, მოსკოვის მოთხოვნებთან შეიძლება დაკავშირებული იყოს აფხაზეთის გავლით სატრანზიტო დერეფნის გახსნაც.
ამავე საკითხს ასახელებს გიორგი რუხაძეც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ ინტერპრეტაციას განსხვავებული არგუმენტით პასუხობს. მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნები ახალი არ არის და ჟენევის მოლაპარაკებებზე წლებია მეორდება.
„არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენგან დგება საკითხები დევნილების დაბრუნების, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის და ა.შ.“
თუმცა, ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მოსკოვი ძველი მოთხოვნების მისაღწევად ახალ ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებდეს, მიიჩნევენ ექსპერტები.
გია ხუხაშვილი: რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება მუდმივი ზეწოლის რისკია
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთის გადაწყვეტილებას ეკონომიკური იძულების ნაცნობ პრაქტიკად მიიჩნევს.
„ეს არის ნაჯახით მუშაობის უტიფარი რუსული მეთოდოლოგია.“
ხუხაშვილის შეფასებით, მოსკოვის ქმედებას ორი შესაძლო შედეგი აქვს: ერთი მხრივ, ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესზე, მეორე მხრივ კი, არაფორმალური გარიგებებისა და კორუფციის შესაძლებლობა.
ის ვარაუდობს, რომ კომპანიებმა შეიძლება შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად რუსეთის გავლენიან პირებთან კავშირების ძიება დაიწყონ. ამასთან, კონკრეტული კორუფციული გარიგების არსებობის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ხუხაშვილი განსაკუთრებით აკრიტიკებს იმ ბიზნესმოდელს, რომელიც რუსეთის ბაზარზე მაღალ დამოკიდებულებას ეფუძნება.
„ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა ბიზნესმა, რომელიც დღევანდელ კვერცხზეა მუდმივად ორიენტირებული და ხელისუფლებისთვის თვალების ჩაპაჭუნებითაა დაკავებული, ვერა და ვერ გაიგო, რომ მტრის ბაზარზე არ უნდა იყო მიბმული. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ამ რისკების დივერსიფიცირება მოეხდინათ.“
მისი შეფასებით, რუსეთის ბაზარზე მიღებული მოკლევადიანი შემოსავალი შეიძლება გაცილებით დიდი დანაკარგით დასრულდეს.
„მე მეღვინეებს ვეტყვი, არ არსებობს რუსეთთან დალაგება, დღეს ორ კაპიკს იშოვით, მაგრამ ხვალ ათი იმდენს დაკარგავთ. დაანებეთ ამ რუსეთის ბაზარს თავი, ვიღაც ინგლისურის მცოდნე ნახეთ და გაუშვით სხვა ბაზარზე. დაივიწყეთ რუსეთი, ახალი ბაზრები აითვისეთ, სხვა შემთხვევაში სულ ამ უბედურებაში იქნებით“.
ხუხაშვილის რეკომენდაცია პირდაპირ უკავშირდება იმ ეკონომიკურ მონაცემებს, რომლებიც ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას აჩვენებს.
ღვინის ექსპორტის თითქმის ორი მესამედი რუსეთზე მოდის
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რუსეთში 102,2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. იმავე პერიოდში ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტი დაახლოებით 163,6 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთზე ღვინის ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 62,5% მოდიოდა. რაოდენობრივი მაჩვენებლით მისი წილი დაახლოებით 66,6% იყო.

რუსეთი რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაყიდვები წინა წელთან შედარებით შემცირდა.
მეორე ადგილზე პოლონეთია, სადაც დაახლოებით 10,7 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა. მას მოსდევენ უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და გერმანია. ამ ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა რუსეთის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
რუსეთის ბაზრის დაკარგვა ყველა მწარმოებლისთვის ერთნაირ შედეგს არ გამოიწვევს. ეს კარგად ჩანს „თბილღვინოს“ მაგალითზე.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის თქმით, „თბილღვინო“ ღვინოს დაახლოებით 30 ქვეყანაში ყიდის და რუსეთზე მისი დამოკიდებულება დაბალია. ამიტომ, მისი თქმით, აკრძალვა კომპანიას გარკვეულ ზარალს მოუტანს, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი მოსალოდნელი არ არის.
მარგველაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას პროდუქცია გააქვს ბაზრებზე, სადაც ხარისხის მკაცრი სტანდარტები მოქმედებს. რუსული მხარისგან კი კონკრეტული დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიუღია.
ენერგეტიკული დამოკიდებულება: რატომ შეიძლება რუსეთს ღვინოზე ძლიერი ბერკეტიც ჰქონდეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიმდინარე ამბების კონტექსტში ყურადღებას ბუნებრივი აირის იმპორტზე ამახვილებს.
მის მიერ მოყვანილი მონაცემებით, საქართველოს მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირში რუსეთის წილი 2018 წელს 1,7% იყო, 2023 წელს 20%-ს მიაღწია, 2024 წელს 25%-ს, ხოლო 2025 წელს დაახლოებით 28%-ს.
გოცირიძის შეფასებით, ამგვარი დამოკიდებულების ზრდა რუსეთისთვის დამატებით ეკონომიკურ ბერკეტს ქმნის.
ღვინის ექსპორტისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირის მიწოდება უშუალოდ უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საწარმოების მუშაობასა და მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს.
ამიტომ გოცირიძე რუსეთისგან შესაძლო ზეწოლის კიდევ უფრო მძიმე სცენარებზე აფრთხილებს ხელისუფლებას.
შეიძლება თუ არა ემბარგო გაფართოვდეს? მამუკა ფიფიას განცხადება
რუსეთთან მჭიდრო კავშირებით ცნობილი, ღიად პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვა მხოლოდ პირველი ტალღაა.
მისი განცხადების თანახმად, მომავალში შეზღუდვები სხვა კომპანიებსა და პროდუქტებსაც შეეხება.
ეს პროგნოზი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ფიფია რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია.
თეონა აქუბარდია იხსენებს ფიფიას უფრო ადრინდელ განცხადებასაც. მისი თქმით, ფიფია ივნისში საუბრობდა ქართული კომპანიების სიაზე, რომლებსაც რუსეთში ანტირუსული საქმიანობის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.
თუ ასეთი სია მართლაც არსებობდა, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ემთხვევა თუ არა მასში მოხვედრილი კომპანიები ახლანდელი შეზღუდვების ადრესატებს.
რუსეთის გადაწყვეტილების გაფართოებას არ გამორიცხავენ ქართველი ექსპერტებიც.
გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მოსკოვმა შეიძლება ახალი შეზღუდვებით ქართულ ბიზნესს პოლიტიკური სიფრთხილისკენ უბიძგოს. გიორგი რუხაძის შეფასებით კი, პირველი გადაწყვეტილება შესაძლოა ეკონომიკური ზეწოლის შესაძლებლობების დემონსტრირება იყოს.
მათი მოსაზრებებიდან რამდენიმე სცენარი იკვეთება: შეზღუდვები შეიძლება მხოლოდ ამ შვიდ კომპანიას შეეხოს და მოლაპარაკებების შემდეგ გაუქმდეს; შეიძლება სხვა მწარმოებლებზეც გავრცელდეს; ან რუსეთის მიერ სავაჭრო ბერკეტების გამოყენება პერიოდულ პრაქტიკად იქცეს.
რას პასუხობს „ქართული ოცნება“ და რამდენად გამართლდა მისი სტრატეგია
საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება ქვეყნის ინტერესებში შედის და ბიზნესმა პოლიტიკურ მოსაზრებებზე დაყრდნობით არ უნდა დაკარგოს მომგებიანი ბაზრები.
ასევე “ოცნება” აცხადებს, რომ ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები სხვა ქვეყნებსაც აქვთ.
შალვა პაპუაშვილმა რუსეთის ახალი შეზღუდვების კომენტირებისას ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების რისკებიც ახსენა. მან ყურადღება გაამახვილა სანქციებზე, ტარიფებსა და ყულევის პორტის საკითხზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან არშეერთებას საქართველოს ეკონომიკის დაცვის აუცილებლობით ხსნიდა. კობახიძე ამ გადაწყვეტილებას სწორ და პრაგმატულ პოლიტიკად აფასებდა.
ოცნების ოპონენტენი კი კითხულობენ, რა დამატებითი უსაფრთხოება მიიღო საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებით?
9 ოქტომბრის შეზღუდვებმა აჩვენა, რომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება ქართული კომპანიებისთვის ბაზარზე შეუფერხებელი წვდომის გარანტია არ არის. მოსკოვი კვლავ მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას. ამავე დროს, რუსულმა სანიტარულმა სამსახურმა ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტი შეზღუდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შალვა კერესელიძე, პარტიიდამ “გახარია საქართველოსთვის” ამ ვითარებას „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის შედეგად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ურთიერთობები გააუარესა ევროკავშირთან, მაგრამ რუსეთთანაც ვერ შეძლო საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დაცვა.
„რუსეთს რაც უფრო მეტს დაუთმობთ, ნუ გგონიათ თქვენ, რომ პირიქით, მათ გულს მოიგებთ და თქვენს ინტერესებს გაითვალისწინებს. არა, კიდევ უფრო უარესი იქნება.“