სახალხო დამცველი: დოკუმენტების მოცულობამ და დეტალურობამ შოკში ჩამაგდო
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სუს-იდან გამოჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია. მისი განმარტებით, ჩანაწერებში საკუთარი თავიც ამოიცნო და ადასტურებს იმ საუბარს, რომელიც მასალებშია, ამის შესახებ ლომჯარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
სახალხო დამცველის თქმით, მოსმენების მიზანი, სავარაუდოდ, შეგროვებული მასალებით ადამიანების კონტროლია:
“მიზანი, ალბათ, არის ის, რომ ყველა პირის შესახებ, მათი ყველაზე სუსტი წერტილების თუ კავშირების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, თუ ოდესმე, რამეში გამოადგებათ, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური მიზანია, გამოიყენებენ.”
კითხვაზე – როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ – ნინო ლომჯარია ასე პასუხობს:
“საშინელ, საშინელ ქვეყანაში, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი”.
ნინო ლომჯარია ამბობს იმასაც, რომ ეს დოკუმენტები ადასტურებს ტოტალური მოსმენებს, “რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე.”
● სუს-ის ფაილები: რას ამბობენ სასულიერო პირები
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
სუს-ის საიდუმლო ფაილები
13 სექტემბერს საქართველოში სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. საუბარია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და ისრაელის ელჩ რან გიდორზე, ასევე, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და რიგით ჩინოვნიკებზე.
სავარაუდოდ, ეს საუბრები იმიტომ მოხვდა სუს-ის ფაილში, რომ საუბარი ეკლესიას ეხება. ფაილებში არის სუს-ის თანამშრომლების 2020 წლის თებერვლის მიმოწერაც, სადაც “ამერიკელების კონტაქტების” კონტროლზე აყვანას ითხოვენ.
ევროკავშირი სუს-ის ფაილებს პირველად დღეს გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ამბობს, რომ ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. ქართველი ექსპერტების და პოლიტიკოსების აზრით, ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტულ სანქციებს დააწესებს.
მასალების ავთენტიკურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.