კალკი “რუსული სამყაროდან“: საიდან აღმოცენდა უკრაინაში მოძრაობა პედოფილების წინააღმდეგ
„თეთრი ლომები“ და „მემკვიდრეობა“
კიროვოგრადის ოლქის პროკურატურის ცნობით, ჯგუფი „თეთრი ლომების“ დაკავებული მონაწილეები სავარაუდო პედოფილებს თავს ესხმოდნენ, თავიანთი მსხვერპლის ცემას ვიდეოთი იღებდნენ, შემდეგ კი, ჩანაწერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების მუქარით, მათ ფულს სძალავდნენ.
არტიომ არტიომოვი, მოძრაობა „მემკვიდრეობის“ ლიდერი. ეს დაჯგუფება უკრაინის ქალაქებში „პედოფილებზე ნადირობით“ არის დაკავებული, – განმარტავს არტიომი. ის „თეთრი ლომების“ წევრი თავის კოლეგის დაპატიმრებას თავისებურად ხსნის:
“თეთრი ლომები“ უხეშად მოქმედებდნენ, – ამბობს ის, – ძალადობრივ აქციებს აწყობდნენ. ამბობენ, ადამიანებს ფულს ართმევდნენო“.
“მემკვიდრეობას“ სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები არ აქვს, რადგან არტიომოვმა თავის დროზე „კარგად აითვისა“ ზაპოროჟიეს ოლქის შსს-თან საუბარი: „ამიხსნეს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, მითხრეს: მატერიალური ფასეულობები არ წაართვათ, და ცემასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გაუჩნდესო“.
“მემკვიდრეობა“ თავს წარმოაჩენს „საზოგადოებრივ მოძრაობად“, რომელიც ბავშვების ღირსების შემლახველ ადამიანებს ამხელს“. ის შემდეგი სქემით მოქმედებს: აქტივისტები „ვ კონტაქტეში“ ყალბი პროფილებით მამაკაცების არასრულწლოვნებთან შეხვედრის პროვიცირებას ეწევიან. როდესაც მამაკაცები დათქმულ ადგილას მიდიან, მოზარდების ნაცვლად, იქ რამდენიმე სპორტსმენი ხვდებათ.
ამის შემდეგ მოძრაობა „მემკვიდრეობის“ აქტივისტები კამერაზე იწერენ მსხვერპლის მობოდიშებასა და დაპირებას, რომ აღარასდროს შეხვდებიან არასრულწლოვნებს. ვიდეოს „ვ კონტაქტეში“ არტიომოვის გვერდზე აქვეყნებენ, და შემდეგ თავიანთ ჯგუფებში ავრცელებენ.
არტიომოვი ირწმუნება, რომ მისთვის „მემკვიდრეობის“ საქმიანობა – ჰობია, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ მოაქვს.
„მე ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ბავშვები კეთილდღეობაში გაიზარდონ, რომ მათ ფსიქიკა არ დაუნგრიონ, – განმარტავს ის, – ეს ქვეყნის, ერის, რასის მომავალია. მხედველობაში მაქვს თეთრი რასა, ის პრიორიტეტულია. რასისტი არ ვარ, უბრალოდ ჩემიანები უფრო მიყვარს“.
პედოფილების იდენტიფიკაციის გარდა, „მემკვიდრეობა“ ბავშვებისთვის არაფორმალური გაკვეთილების ორგანიზებითაც არის დაკავებული. არტიომოვის თქმით, ეს გაკვეთილები მოწოდებულია იმისთვის, რომ ბავშვებს უფროსების მხრიდან ძალადობისთვის პასუხის გაცემა ასწავლონ. პროექტის სახელწოდებაა „ ბავშვების სიფრთხილის სკოლა“.
“სკოლაში“ ორი ჯგუფია: 4-დან 7 წლამდე და 10-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის. არტიომოვს გეგმაში აქვს ასეთი გაკვეთილები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ბაზაზე ჩაატაროს, და არამხოლოდ ზაპოროჟიეში, არამედ უკრაინის სხვა რეგიონებშიც. ამ დროისთვის „სიფრთხილის გაკვეთილები“ დაახლოებით ასმა ბავშვმა გაიარა.
„რუსული კვალი“
“ვ კონტაქტეში“ არტიომოვის მეგობრების რიცხვში რუსულ ნაციონალისტურ წრეებში კარგად ცნობილი ადამიანები არიან – მაგალითად, რომან ჟელეზნოვი, იგივე ზუხელი, რომელიც 2014 წელს უკრაინულ ბატალიონ „აზოვს“ მიეკედლა. ამის გამო, სამშობლოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ზუხელი – „ტესაკის“ სახელით ცნობილი რუსი მაქსიმ მარცინკევიჩის ერთ-ერთი მთავარი თანამოაზრეა. ის არის ორგანიზაცია „რესტრუქტის“ და „ოკუპაი პედოფილაი“ („Оккупай педофиляй“)-ს დამაარსებელი. 2015 წლამდე ეს მოძრაობა რუსეთის ყველა რეგიონში პედოფილების ძებნით და მათი დამამცირებელი ვიდეოჩანაწერების გავრცელებით იყო დაკავებული. “Оккупай педофиляй” საკმაოდ სარფიანი ეკონომიკური საწარმო აღმოჩნდა – მარცინკევიჩი და მისი თანამოაზრეები ფულს Youtube-ზე ვიდეოების ნახვიდანაც იღებდნენ, და „საფარიზე“ ბილეთების გაყიდვიდანაც – ანუ მათთვის, ვისაც საკუთარი თვალით სურდა ენახა, თუ როგორ ამცირებდნენ აქტივისტები სავარაუდო პედოფილებს.
2013 წელს მარცინკევიჩმა უკრაინაში „Оккупай педофиляй“-ს ტური მოაწყო. რუს და უკრაინელ თანამოაზრეებთან ერთად ის ხარკოვში, ხერსონში, ოდესაში, კიევსა და სხვა ქალაქებში იმყოფებოდა და ყველგან ვიდეოები გადაიღო. მოგვიანებით ეს ვიდეორგოლები რუსი სამართალდამცავებისთვის „სიძულვილის ან მტრობის გაღვივებისთვისა და ძალადობის გზით ადამიანის ღირსების დამცირებისთვის“ ბრალის წაყენების საფუძვლად იქცა.
მარცინკევიჩის კვალდაკვალ მთელ რუსეთში დაიწყეს „რესტრუქტისა“ და “Оккупай педофиляй“-ს სხვა წევრების დაპატიმრება. დაჯგუფებების ბევრი წევრი სამშობლოში დევნისგან თავის გადასარჩენად უკრაინაში გადავიდა; ზოგიერთი ბატალიონ „აზოვს“ მიეკედლა.
ასე გადავიდა ჩებოკსარიდან კიევში მიხაილ ორეშნიკოვი, “Оккупай педофиляй“-ს ჩუვაშური უჯრედის ლიდერი. რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს – უკრაინის მხარდამჭერი მისი ერთ-ერთი აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის გამო, 2014 წლის ივლისში კი მან რუსეთსა და უკრაინას შორის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
დევნილის სტატუსზე მას უარი უთხრეს, მაგრამ, მისი თქმით, „აზოვის“ ბატალიონის მხარდაჭერის წყალობით, რომელშიც ის გაწევრიანდა, მან ბინადრობის ნებართვა მიიღო, შემდეგ კი – უკრაინის მოქალაქეობა. უკრაინაში გადასახლების შემდეგ ორეშნიკოვი „პედოფილებზე ნადირობას“ აგრძელებდა. მეთოდების შესახებ ის შემდეგს ჰყვება:
„ჩვენთან საერთოდ არ იყო არავითარი ძალადობა, მე მას ვკრძალავდი. პედოფილი კორექტულად რომ მოიქცეს, რომ არ გათავხედდეს და ყველაფერი რომ აღიაროს, საჭიროა მორალური ზეწოლა. როდესაც ტელეფონს იღებ და ეუბნები: ახლა დედას დავურეკავ, მოვა და წაგიყვანს“.
გაგრძელება იქნება
„Оккупай педофиляй“-ს დიდების ტალღამ ბევრი კლონი მოძრაობა წარმოშვა.
სწორედ ასე, რუსული „Оккупай педофиляй“-ს გავლენითა და მსგავსებით, უფრო მეტად კი მისი ყოფილი ლიდერების დახმარებით, გაჩნდა მოძრაობა „მემკვიდრეობა“, „თეთრი ლომები“ და „მოდური განაჩენი“, რომლებმაც სავარაუდო პედოფილების გარდა, ნადირობა გეებზეც გამოაცხადეს.
ეს ბოლო მოძრაობა დააარსა ნაციონალისტმა და ანტისემიტმა, პარტია „ნაჟდაკის“ ლიდერმა ნიკოლაი დულსკიმ.
„მოდური განაჩენის“ მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავებსა და ლგბტ პირებს არაერთხელ უჩივლიათ. ლგბტ ორგანიზაცია „საყრდენი წერტილის“ აღმასრულებელი დირექტორი ტიმურ ლევჩუკი ჰყვება, რომ 2015 წელს ორგანიზაციის თანამშრომლებმა ომბუდსმენისადმი 14 მიმართვა გააკეთეს, რის შემდეგაც პოლიციას გადასცეს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც იმ ადამიანებზე ძალადობის სცენები იყო აღბეჭდილი, რომლებსაც დაჯგუფების წევრები პედოფილებსა და გეებს უწოდებენ. თუმცა, მისი თქმით, ამ მიმართვების საფუძველზე საქმეები ან არ იხსნებოდა, ან მტკიცებულებების არარსებობის გამო იხურებოდა.
სასამართლოში ასეთი საქმეები, როგორც წესი, ხულიგნობად კვალიფიცირდება, და არა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულად. უკეთეს შემთხვევაში, ბრალდებული პირობით სასჯელს იღებს.
“პედოფილებზე ნადირობა“ – მოსახერხებელი საფარველია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის უფრო სუსტებზე – მაგალითად გეებზე, რომლებსაც ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაცხადება არ შეუძლიათ“, – მიაჩნია რადიკალური მოძრაობების უფლებების მკვლევარს ანა გრიცენკოს.
“ეს სისტემური და საჩვენებელი ტერორი, რომელსაც ნეონაცისტური სურნელი დაჰკრავს, ძალიან სახიფათოა, იმის მიუხედავად, თუ კერძოდ ვინ ხდება მისი მსხვერპლი. თუ ვინმესთვის რეალური პედოფილიის ფაქტებია ცნობილი, სამართლის თვითნებური აღსრულებით არ უნდა დაკავდეს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს და საქმის მსვლელობა გააკონტროლოს“, – ასკვნის ანა გრიცენკო.