აფხაზეთში შუა ტურისტული სეზონის დროს დენის გრაფიკი დაწესდა
აფხაზეთში დენის გრაფიკით მიწოდება განახლდა
ენერგოკრიზისი აფხაზეთში გრძელდება – ხელისუფლების გადაწყვეტილებით დენი მოსახლეობას ისევ გრაფიკით მიეწოდება. ეს პირველად ხდება ზაფხულში – შუა საკურორტო სეზონის დროს. ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ კრიზისს ვერ გაუმკლავდა.
28 ივნისს 00:00 საათიდან აფხაზეთში კვლავ ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვების გრაფიკი შემოდის. კომპანია “ჩერნომორენერგო”, რომელიც ელექტროენერგიის მომარაგებით არის დაკავებული, აცხადებს, რომ ეს ზამთრის პერიოდისთვის ელექტროენერგიის ნაწილობრივი დაზოგვის მიზნით ხდება.
- აფხაზეთი: ელექტროენერგიის და ნდობის დეფიციტი
- მოსაზრება: აფხაზეთს ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაცემა ან უშუქოდ ცხოვრება მოუწევს
- მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ
კომპანია განმარტავს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის ქსელებზე დატვირთვა ყოველწლიურად იზრდება. ჩერნომორენერგოს ცნობით, წელს დატვირთვა უკვე აღემატება გასული წლის ზაფხულის მონაცემებს.
იმის შესახებ, რომ ელექტროენერგიის უკმარისობა გაზრდილი დატვირთვის გამო დენის გრაფიკის შემოღებას გამოიწვევს, დიდი ხანია საუბრობდნენ.
ჯერჯერობით შუქი დღეში ორი საათის განმავლობაში, ღამით და დილით ადრე ითიშება. მათი თქმით, ასეთი გრაფიკი შეირჩა საკურორტო სეზონის გათვალისწინებით, რათა აფხაზეთის სტუმრებისთვის უხერხულობის შექმნა მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული.
ენერგეტიკოსების პროგნოზების თანახმად, აფხაზეთს რუსეთიდან ელექტროენერგია ისევ 2021 წლის ნოემბერში დასჭირდება და ახლა აფხაზეთს ექვსსაათიან გამორთვის გრაფიკი უფრო შეეფერება.
კრიზისის მიზეზები
აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან 2021 წლის იანვრიდან აპრილის ბოლომდე იღებდა, როდესაც სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ენგურჰესი გაჩერდა.
ელექტროსადგურმა მუშაობა განაახლა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამან საბოლოოდ ვერ მოაგვარა აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ სადგურის გაჩერებამდეც დაიწყო.
ელექტროენერგიის მიწოდებაში სერიოზული პრობლემები 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგი იყო.
ხელისუფლებამ მაინინგი ჯერ დააკანონა, რამაც მოხმარების ზრდა, ავარიები ელექტროქსელებზე და ზანგრძლივი გამორთვები გამოიწვია. იმავე წლის დეკემბრის დასაწყისში ხელისუფლებამ მაინინგი ისევ აკრძალა. მაგრამ, ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარება ამით ვერ შეძლო.
ოპოზიციის რეაქცია
”პირველად აფხაზეთის მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში, დენის გრაფიკი ზაფხულში შემოიღეს, რაც ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და ავანტიურისტული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია”, – ასეთი განცხადება ოპოზიციურმა პარტიამ “არუაა” გააკეთა.
ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ეს ვითარება კრიპტოვალუტის მოპოვების ლეგალიზების თაობაზე მთავრობისა და პრეზიდენტის გაუაზრებელი გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც მიღებული იყო “ექსპერტთა მოსაზრებების, საღი აზრისა და ჩვენი გაფრთხილებების საწინააღმდეგოდ“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.