„შუქი ისევ არ არის!“ - აფხაზეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და მაინინგის საკითხზე გამოძიებას ითხოვს
აფხაზეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს, რადგან ის მიაჩნიათ 2020 წლის შემოდგომიდან დაწყებულ მწვავე ენერგოკრიზისში დამნაშავედ. აფხაზეთში დენის ქრონიკული ნაკლებობის მთავარი მიზეზი – კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგია.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ კრიზისის მიზეზი 2020 წლის სექტემბერში, ხელისუფლების მიერ მაინინგის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული არაკომპეტენტური გადაწყვეტილება იყო. შედეგად, ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 6-7 მილიონი კვტ.სთ-დან 9-10 მილიონ კვტ.სთ-მდე გაიზარდა და ამან გამოიწვია მრავალრიცხოვანი ავარიები ელექტროგადამცემ ხაზებზე, ხანძრები და ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვები.
იმავე წლის დეკემბრის დასაწყისში, ხელისუფლებამ კვლავ აკრძალა მაინინგი. მაგრამ კრიპტოვალუტის მომპოვებელი ფერმები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას და, ექსპერტების შეფასებით, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
აფხაზეთში მაინინგის პოპულარობის სტიმულირებას ახდენს ელექტროენერგიის სიმბოლური ფასი – 0.4 რუბლი ერთ კვტ.სთ-ზე. ასევე ის, რომ ასეთი დაბალი გადასახადის შეკრებაც კი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს აფხაზეთში უკვე მრავალი წელია.
- რატომ გახდა აფხაზეთი “კრიპტოვალუტის სამოთხე”
- უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
- მოსაზრება: აფხაზეთი უშუქოდ და ბიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ასევე განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ენერგეტიკაში არსებული ვითარების დეტალური გამოძიება მოითხოვა, რომელმაც კრიზისი გამოიწვია. კერძოდ:
- მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც უკვე მრავალი თვეა ელექტროენერგიის მიწოდების მწირი გრაფიკით ცხოვრობს.
- სერიოზულად დაზარალდა კომპანია „ჩერნომორენერგო“, რომელმაც აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა ქსელის გადატვირთვის გამო, რაც გამოწვეულია კრიპტოვალუტის მასობრივი მაინინგით.
- ხელისუფლება იძულებული გახდა, რუსეთიდან გაცილებით მაღალ ფასად დაეწყო ელექტროენერგიის შესყიდვა და ეს გაკეთდა ჯერ კიდევ ენგურჰესის რემონტზე გაჩერებამდე (აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი).
მიწოდებული ელექტროენერგიისთვის აფხაზეთის რუსეთის წინაშე არსებულმა დავალიანებამ 750 მილიონ რუბლს (დაახლოებით, 38 მილიონ დოლარს) გადააჭარბა და შეგვიძლია ის ბიუჯეტის ყოველწლიურ შემოსავალს შევადაროთ.
ასევე, ოპოზიციამ პარლამენტს მიმართა კომისიის შექმნისა და საკუთარი გამოძიების ჩატარების წინადადებით, რათა დასახელდეს ენერგოკრიზისის მიზეზი და დამნაშავეები.
მინისტრებს, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის ჩათვლით, რომელმაც კრიპტოვალუტის მოპოვების ლეგალიზაციაზე თანხმობა განაცხადა, ოპოზიცია სთავაზობს საკუთარი ნებით დატოვონ თანამდებობა, რათა „თქვენი სამომავლო ქმედებით ან უმოქმედობით არ დაძაბოთ პოლიტიკური ვითარება და ხელი არ შეუშალოთ გამოძიების მიმდინარეობას“.
განცხადებაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ხელისუფლებამ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ძალაუფლებას ფლობს, არ შეიმუშავა არანაირი რეფორმა, რომელიც ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე იქნებოდა მიმართული.