"მეკობრეობა" ცაში და ევროპის პასუხი - ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეჩერდება
ევროპა ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
ბელარუსის ცა შესაძლოა მალე დაცარიელდეს – ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდა, ამ ქვეყნის თავზე ფრენას მოერიდონ, ხოლო ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის თავზე ფრენა აეკრძალებათ. ეს არის დასავლეთის პირველი რეაქცია Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვებაზე და ბელარუსის ხელისუფლების მიერ მისი მგზავრის, ჟურნალისტისა და ბლოგერის რომან პროტასევიჩის დაკავებაზე.
“მეკობრეობა” – ასე აფასებენ ექსპერტები ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებს. ევროკავშირი და შეერთებული შტატები მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ. თუმცა, ბელარუსის ხელისუფლების ზოგიერთი მოწინააღმდეგე ევროპის საპასუხო ზომებს აკრიტიკებს.
რამდენიმე მსხვილმა ავიაკომპანიამ უკვე განაცხადა, რომ უარს ამბობს ფრენებზე ბელარუსის ტერიტორიის თავზე. მათ შორისაა Finnair, Singapore Airlines, KLM, Lufthansa და Air France. უკრაინა 26 მაისის შუაღამიდან ბელორუსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს.
24 მაისს ევროკავშირის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის აეროპორტებში და ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვის შესახებ. თუმცა, გადაწყვეტილება მაშინ შევა ძალაში, როდესაც მას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. ევროკავშირის ლიდერებმა ევროპელ გადამყვანებს მოუწოდეს, ბელარუსის თავზე ფრენას თავი აარიდონ.
დასკვნით განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები ასევე მოუწოდებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, 23 მაისს საბერძნეთიდან ლიტვაში მიმავალი Ryanair- ის სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვება გამოიძიოს.
გადაწყდა, რომ დაჩქარდება სანქციების შემოღება ბელარუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ.
ევროკავშირი მოითხოვს რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საფეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც ასევე დააკავეს.
- Nexta – ტელეგრამ-არხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბელარუსის პროტესტს. ვინ არიან ისინი?
- ბელარუსში გამოცემა TUT.by- ს ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები დააკავეს
- რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის პოზიციას ბელარუსის წინააღმდეგ მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.
”ჩემს გუნდს დავავალე შეიმუშაონ პასუხისმგებელი პირების დასჯის შესაბამისი ვარიანტები მჭიდრო კოორდინაციით ევროკავშირთან, სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, – ნათქვამია ბაიდენის თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის მოძრავი სამოქალაქო თვითმფრინავის იძულებით დაშვებას და პროტასევიჩის დაკავებას ”საერთაშორისო ნორმების პირდაპირი დარღვევა” უწოდა.
”ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ბატონ პრატასევიჩს იძულების წესით გადაუღეს, არის სამარცხვინო შეტევა როგორც პოლიტიკური პლურალიზმის, ასევე პრესის თავისუფლების წინააღმდეგ”, – თქვა ბაიდენმა.
პროტასევიჩის “ვიდეოაღიარება”
დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეო 24 მაისს ერთ-ერთ პროსამთავრობო Telegram არხზე გამოჩნდა. ამ ვიდეოში დაკავებულმა უარყო ცნობები მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და თქვა, რომ მას “მაქსიმალურად კორექტულად და კანონის შესაბამისად ექცევიან”.
”ახლა მე ვაგრძელებ გამოძიებასთან თანამშრომლობას და ვაძლევ აღიარებით ჩვენებებს ქალაქ მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტზე”, – ამბობს იგი.
რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ პროტასევიჩი „დაძაბულია, თვალებს ხშირად ახამხამებს მთელი ვიდეოს განმავლობაში, სახეზე კი უცნაური კვალი ეტყობა”.
“მეკობრეობა” – ასეთი რამ ცივი ომის დროსაც არ მომხდარა
ბელარუსის ხელისუფლების ოფიციალური ვერსია – რომ მათ მიიღეს წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ “ჰამასის ჯარისკაცები” (პალესტინური შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ისრაელს ებრძვის) და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი დანაღმულია, ფაქტობრივად მყისიერად იქნა უარყოფილი.
განცხადება ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ჰამასმა გააკეთა.
”ეს საერთოდ არ არის ჩვენი მეთოდები, – თქვა ორგანიზაციის სპიკერმა ფავზი ბარჰუმმა, – ზოგიერთი საეჭვო მხარე ამას აკეთებს ჰამასის დემონიზაციისთვის და პალესტინელი ხალხისადმი და მისი ლეგიტიმური ბრძოლისადმი მსოფლიო სიმპათიების გასანეიტრალებლად”.
ავიაციის რუსი ექსპერტი ვადიმ ლუკაშევიჩი განსხვავებას ვერ ხედავს ბელარუსის ხელისუფლებისა და სომალელი მეკობრეების ქმედებებს შორის.
”იქ (სომალიში) იარაღის მუქარით აჩერებენ გემს, რათა ხელში ჩაიგდონ ფული, ძვირფასეულობა, მძევლები. აქ აჩერებენ თვითმფრინავს, “მეკობრეები” ბორტზე ადიან, რომ იქიდან ადამიანი გაიტაცონ. პრინციპში, მოქმედებები იგივეა. იცით, მე ასეთი პრაქტიკა არ მახსოვს. ეს, ჩემი აზრით, პირველი ასეთი შემთხვევაა ისტორიაში”, – ამბობს ლუკაშევიჩი ”ნოვაია გაზეტასთან ”ინტერვიუში.
იგი შიშობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა პოლიტიკური ოპონენტების ხელში ჩაგდების ეს მეთოდიც გადმოიღოს:
”ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა რაიმე კარგს მიბაძოს, ამას კი ადვილად აითვისებს. ცივი ომის დროსაც კი, სადაზვერვო სამსახურებს შორის მკაცრი დაპირისპირების დროს, ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. ახლა კი ისინი (რუსეთის სპეცსამსახურები) სოლსბერიში კაცს წამლავენ (ყოფილი რუსი აგენტის სკრიპალის მკვლელობის მცდელობა დიდ ბრიტანეთში) და უცხო ადამიანები იღუპებიან. ლიტვინენკოს (2006 წელს ლონდონში მოკლული ყოფილი რუსი აგენტი) მოსაწამლად პოლონიუმი თვითმფრინავით მიაქვთ და ეს თვითმფრინავი კიდევ ექვსი თვის განმავლობაში რადიაციას ასხივებს…”
ავიამიმოსვლის შეწყვეტა – ცუდი იდეა?
ამავე დროს, ბელარუსი ჟურნალისტი, დამოუკიდებელი Euroradio– ს მთავარი რედაქტორი პაველ სვერდლოვი ბელარუსული კომპანია Belavia– ს ევროპაში ფრენების აკრძალვას “ცუდ იდეას” უწოდებს.
”დიახ, ეს არის გაბედული ნაბიჯი, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების განზრახვების სერიოზულობას აჩვენებს. დიახ, ეს გამოიწვევს ფინანსურ ზარალს ბელარუსი ავიაგადამზიდველისთვის. მაგრამ...
ის ასევე დატოვებს ბელარუსის მოქალაქეებს მოგზაურობისა და მსოფლიოს ნახვის შესაძლებლობის გარეშე. ასევე, გადაკეტავს გასაქცევ გზებს მათთვის, ვისაც ეს დასჭირდება. განა ეს არ არის ის, რაც ბელარუსის ხელისუფლებას სურს – რომ რაც შეიძლება მეტი ბელარუსი იჯდეს სახლში და სხვა ქვეყნების ცხოვრებას ტელევიზორით გაეცნოს? ” – წერს სვერდლოვი.
მისი აზრით, ინციდენტზე ადეკვატური რეაგირება იქნებოდა ევროპული ავიაკომპანიების უარი ფრენებზე ბელარუსის გავლით, მაგრამ არა დამატებითი შეზღუდვა ბელარუსებისთვის ქვეყნის დასატოვებლად.
ამ ვითარებაში, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, “ბელავიას” ევროპაში ფრენის აკრძალვა ნიშნავს, რომ ბელარუსის მოქალაქეები მოწყდებიან დასავლეთს და მხოლოდ აღმოსავლეთი შერჩებათ, სადაც თვითმფრინავები და მატარებლები მიმოსვლას გააგრძელებენ.