რუსი ბაიკერები "ღამის მგლები" 9 მაისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ
რუსი ბაიკერების დაჯგუფება “ღამის მგლები” შესაძლოა 9 მაისს საქართველოში ჩამოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი ავრცელებს.
საქართველოში კი ბაიკერების ჩამოსვლის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება. ონლაინ მანიფესტს სახელწოდებით “არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში” ამ დროისთვის 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
“ღამის მგლების” ვებგვერდზე საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის. თუმცა, ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ ბაიკერების ჩამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი საქართველოში ჩამოსვლისას. საუბარია დაახლოებით 30-35 ბაიკერზე. მისი თქმით, საფრთხე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა შეიძლება შექმნან. მათ შორის მოიაზრებს “თავისუფალ ზონას”, რომლის წარმომადგენლებიც 2015 წელს დაუპირისპირდნენ საქართველოში ჩამოსულ რუს ბაიკერებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ “ღამის მგლების” ვიზიტს საქართველოში სამართალდამცავები გააკონტროლებენ და თუ სუვერენული საქართველოს ინტერესებს შელახავენ, პოლიცია ადეკვატურ ზომებს მიმართავს. თუმცა მინისტრის მოადგილემ 2 მაისს აღნიშნა, რომ “ღამის მგლების” საქართველოში სტუმრობა არასასურველად მიაჩნიათ.
“ჩვენ ვმასპინძლობთ ყველა ადამიანს, ვინც პატივს სცემს კანონს და მათ, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც საქართველოში ექნებათ მოგზაურობისა და დასვენების პრობლემა. რაც შეეხება რუს ბაიკერებს – „ღამის მგლებს“, საქართველოში მათ ვიზიტსა და დაანონსებულ 9 მაისის აღსანიშნავ პერფორმანსში მონაწილეობას, გასათვალისწინებელია, რომ შარშან მსგავსმა აქციამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია, ასევე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებსაც. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია „ღამის მგლების“ მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი, რაც არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას. ამგვარად, საქართველოში აღნიშნულ პერიოდში რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ვინ არიან “ღამის მგლები”
რუსი ბაიკერების დაჯგუფება “ღამის მგლები” კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, ამასთან მათი ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი ხშირად გამოჩენილა საჯაროდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად.
დაჯგუფების 5 ათასზე მეტი წევრი 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, რეგულარულად მოგზაურობს ქვეყნის გარეთ და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს. მათი მოგზაურობა ხშირად კონფრონტაციებით მთავრდება. ისინი ე.წ. “გიორგის ლენტებით” გადაადგილდებიან, რაც იმპერიალისტური რუსეთის სიმბოლოა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი – საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირდება. 2005 წლიდან რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება აქცია, რაც ე.წ. “გიორგის ლენტის” გავრცელებას ისახავს მიზნად.
წლევანდელი მოგზაურობა მათ სლოვაკეთიდან დაიწყეს, თუმცა პრობლემები შეექმნათ პოლონეთში. 2016 წლის 1 მაისს, რუსი ბაიკერები, რომლებიც მოტორბოლა “ბერლინზე გამარჯვების გზებში” მონაწილეობდნენ, პოლონეთში არ შეუშვეს. რუსული მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტის მქონე პირებმა შეძლეს. “ღამის მგლებს” პრობლემები ჰქონდათ 2015 წელსაც. პოლონეთში ბერლინის გავლით მიმავალ დაჯგუფების წევრებს შენგენის ვიზები გერმანიამ გაუუქმა.