ხელისუფლება უარს ამბობს იმ გაზის დასახელების გამჟღავნებაზე, რომელსაც 15 წლის წინათ მოსკოვში მძევლები ემსხვერპლნენ
ფოტო: http://www.nord-ost.org/2_ru.html
რუსეთში ისევ გააქტიურდა დებატები იმ ტერაქტის შესახებ, რომელიც 2002 წელს მოსკოვის „თეატრალურ ცენტრში“ განხორციელდა. იმ დღეს 130 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი მძევალი დაშავდა (მათი დიდი ნაწილი ხეიბრად იქცა). მომხდარში, სავარაუდოდ, შტურმის ორგანიზატორებს მიუძღვით ბრალი.
2 მარტს მოსკოვში ხმაურიანი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც დაზარალებულთა ადვოკატებმა ის მოთხოვნა წამოაყენეს, რომლითაც უკვე 15 წელია მიმართავენ ხელისუფლებას. იურისტებმა შტურმის დროს გამოყენებული გაზის შემადგენლობის გამჟღავნება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ეს ინფორმაცია საჭიროა იმისათვის, რომ ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს, რომლებიც იმ დღეს გადარჩნენ, მაგრამ მიღებული ზიანისგან დახეიბრდნენ.
პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 1-ელ მარტს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უარყვეს ტერაქტის დროს დაზარალებულთა ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა – მათ შორის თხოვნა, გამჟღავნდეს გაზის შემადგენლობა და დაიკითხონ ის ექიმები, რომლებმაც დაასკვნეს, რომ მძევლების დაღუპვის მიზეზი გაზი არ ყოფილა.
2002 წლის 23 ოქტომბერს დუბროვკაზე მდებარე „თეატრალურ ცენტრში“ მიუზიკლ „ნორდ-ოსტის“ მიმდინარეობისას ჩეჩენმა ბოევიკებმა 916 ადამიანი აიყვანეს მძევლად. თეატრში სულ 40 ტერორისტი იმყოფებოდა (მ.შ. 19 ქალი). ისინი იმ პერიოდში ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასა და რესპუბლიკის ტერიტორიიდან ფედერალური ჯარების გაყვანას ითხოვდნენ.
ბოევიკების მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.
სამი დღის შემდეგ მძევლების გათავისუფლების მიზნით დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 700-ზე მეტი პირი კი დაშავდა. და ამ ტრაგედიის მიზეზი არა ტყვიები, არამედ გაზი აღმოჩნდა.
პრესკონფერენციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, რომ ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით ამბობს უარს შტურმის დროს გამოყენებული გაზის დასახელებისა და შემადგენლობის გამჟღავნებაზე. „ფეესბემ“ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შტურმის დროს გამოყენებულ იქნა გაზი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება ტრიმეტილფენტანილის საფუძველზე მიიღეს.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის. 2 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ თუკი ცნობილი გახდება შტურმის დროს გამოყენებული გაზის ზუსტი შემადგენლობა, ბევრი ადამიანის გადარჩენა და განკურნება იქნება შესაძლებელი.
ადვოკატების თქმით, სახელმწიფო, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ მძევლების დაღუპვა გაზთან არ არის დაკავშირებული. მაგრამ დაზარალებულები და დაღუპულთა ნათესავები ამ აზრს არ იზიარებენ.
ადვოკატმა კარინა მოსკალენკომ ერთ-ერთი დაზარალებულის, ანა ზაქარიანის შემთხვევაზე ისაუბრა. იგი უფროსმა ძმამ გაზარდა, რადგან 2002 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისი ორივე მშობელი დუბროვკაში მდებარე „თეატრალურ ცენტრში“ განხორციელებული ტერაქტის დროს დაიღუპა. დადგინდა, რომ ანა ზაქარიანის მშობლები არა ტერორისტების ტყვიებს, არამედ უცნობი ნივთიერების გამოყენებას ემსხვერპლნენ.
“არსებობს ეჭვი, რომ გაზი ცოცხალი ადამიანების მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, – ამბობს ადვოკატი კარინა მოსკალენკო, – იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ტრაგედიის შედეგად ახლობლები დაკარგეს, სურთ, იცოდნენ, თუ რა ნივთიერებით მოწამლეს დაღუპულები. მაგრამ ეს გარემოება ყველაზე მეტად იმ გადარჩენილებს აინტერესებთ, რომლებსაც ინციდენტის შედეგად ჯანმრეთელობა შეერყათ. მათ სიცოცხლის უფლება აქვთ”.
პრესკონფერენციაზე დაზარალებულთა ადვოკატებმა – მარია კურაკინამ და სერგეი პანჩენკომ განაცხადეს, რომ ამჟამად ყოფილი მძევლები მრავალი დაავადებისგან იტანჯებიან. ყველა ეს ავადმყოფობა კი უცნობი შემადგენლობის გაზმა გამოიწვია.
დაკარგული მტკიცებულებები
“დაზარალებულთა მისამართები და ტელეფონის ნომრები წლების განმავლობაში იკარგებოდა. გაურკვეველია, სად არის დოკუმენტები – ხან ერთი სამსახური გამოითხოვს ხოლმე, და ხანაც – მეორე. დოკუმენტების ნაწილი არქივში ინახება”, – აცხადებს საკოორდინაციო საბჭო „ნორდ ოსტის“ წევრი, დმიტრი მილოვიდოვი.
ნინა – დმიტრი მილოვიდოვის 14 წლის ქალიშვილი – ტერაქტის დროს გარდაიცვალა. “სასამართლო პროცესზე მუდმივად იქმნება პრობლემები დაზარალებულთა გამოძახებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ის.
ადვოკატი კარინა მოსკალენკო კი აცხადებს, რომ 1-ელ მარტს გამართული სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „სასამართლოს სამართალდამცავები არ სჭირდება“.
ექსპერტი ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებებისთვის“, ელენა სანნიკოვა მიიჩნევს, რომ თეატრალური ცენტრის შტურმის შედეგების (კერძოდ კი მძევლების დაღუპვის) გამოძიება არასათანადოდ ჩატარდა.
“გაურკვეველია, კონკრეტულად რა ტიპის დამაძინებელი გაზი იქნა გამოყენებული.
ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის დროს ძალოვანებმა ტერორისტები გაანადგურეს. საინტერესოა, რატომ დახოცეს ძალოვანებმა ტერორისტები, თუკი სპეცოპერაციის დროს დამაძინებელი გაზი იყო გამოყენებული? სპეცრაზმის წევრებმა საქმის მთავარი ფიგურანტები დაცხრილეს – ის პირები, რომლებსაც ჩვენების მიცემა შეეძლოთ. რატომ მოიქცნენ ასე?
უნდა გაერკვიათ, თუ როგორ შეძლო უზარმაზარმა ბანდამ ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენა”.
ფოტო: http://www.nord-ost.org/2_ru.html