ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
საქართველოში ხელისუფლებამ ახალი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ისინი ძალაში 28 ნოემბერიდან შევა და სავარაუდოდ, ორ თვეს გასტანს.
ახალი საკარანტინო შეზღუდვების შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არ არის სრული “ლოქდაუნი” და ეს შეზღუდვები კონკრეტული ვადით ორი თვით გაგრძელდება – 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით.
რა იზღუდება 28 ნოემბრიდან:
● ყველაზე მთავარი შეზღუდვა – აღარ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი საქართველოს რვა დიდ ქალაქში. ესენია თბილისი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი და ზუგდიდი. ტაქსები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას – მგზავრი უკანა სავარძელზე და სავალდებულოა პირბადის ტარება;
● არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ანუ საქართველოს ქალაქებს შორის არ ივლიან ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და მატარებლები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე). ანუ კერძო მსუბუქი მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან ქალაქში მგზავრობა შეიძლება;
● ერთი საათით გადმოიწევს კომენდანტის საათი. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალული იქნება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ეს შეზღუდვა იმოქმედებს 31 იანვრამდე და გამონაკლისი იქნება მხოლოდ ორი ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
● დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი – ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სამშენებლო მაღაზიები და ა.შ. დაკეტილ ობიექტებს შეუძლიათ გადავიდნენ ონლაინ ვაჭრობაზე;
● არ დაიკეტება და მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის, ცხოველების საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები. ღია დარჩება ასევე პრესის ჯიხურები;
● დაიკეტება საცურაო აუზები, ფიტნეს-ცენტრები და სპორტული დარბაზები;
● არ დაიკეტება და მუშაობას გააგრძელებს სილამაზის და სპა სალონები;
● რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია მხოლოდ პროდუქტის გატანის სერვისები – ე.წ. takeaway სერვისი, „დელივერი“ და „დრაივი“;
● იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება. ამ ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით;
● იკრძალება ყველა სახის (დიდებისაც და ბავშვებისაც) სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა;
● მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე გადავლენ საჯარო სამსახურები. ეს შეზღუდვა 3 იანვრამდე იმოქმედებს. ხოლო 3 იანვრიდან 15 იანვრამდე საჯარო სამსახურები შვებულებაში გავლენ;
● მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ კერძო დაწესებულებები. აუცილებლობის შემთხვევაში, ოფისებმა შეიძლება იმუშაონ მხოლოდ 15:00 საათამდე;
● სწავლების პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ სკოლები; უნივერსიტეტები და ბაღები.
● მუშაობას გააგრძელებენ სტომატოლოგიური კლინიკები.
პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეზღუდვების გარეშე საქმიანობა შეეხება მხოლოდ საცალო ვაჭრობას.
როგორი იქნება ახალი წელი?
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში, საახალწლო დღეებში, შეზღუდვები შემსუბუქდება.
● კერძოდ კი, ამ ათი დღის განმავლობაში იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
● ამ ათი დღის განმავლობაში ძალაში დარჩება კომენდანტი საათი. მხოლოდ ორი ღამეა გამონაკლისი – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე. ამ ორი დღის განმავლობაში ღამე გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.
● 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.
● ამავე დროს, ამ პერიოდში 3-დან 15 იანვრის ჩათვლით მთავრობა აცხადებს საყოველთაო არდადეგებს – ეს იქნება უქმე, დასვენების დღეები ყველასთვის – არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
● არდადეგების დასრულების შემდეგ, 16 იანვრიდან 31 იანვრის პერიოდში, ასევე მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები: სამუშაო დღეებში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა. ხოლო შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები კვლავ აჩერებენ მუშაობას და ეს წესი 31 იანვრამდე გაგრძელდება.
ზამთრის კურორტებს რა ეშველებათ?
ზამთრის კურორტებზე სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია.
კურორტებზე იკრძალება საბაგიროების მუშაობა, არ გაიხსნება სასრიალო ტრასები, სასტუმროები კი მხოლოდ კოვიდსასტუმროებად იმუშავებენ.
რესტორნები, სავაჭრო და კვების ობიექტები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში.
ახალი საკარანტინო შეზღუდვები შეეხება შემდეგ ზამთრის კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი, აჭარა, გურია, ყაზბეგი, სვანეთი და აბასთუმანი.
__________________
● დღეს, 26 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 39 ადამიანი გარდაიცვალა.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 118690
აქედან:
● გარდაცვლილი – 1124
● გამოჯანმრთელებული – 98781
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18 759