პროტესტი ცხინვალში: დაკრძალვა, ცემა, „ქართული კვალი“
ცხინვალში გვიან ღამემდე გაგრძელდა პროტესტი, რომელიც საგამოძიებო იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემის შედეგად 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები და ოპოზიცია პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვს. ანატოლი ბიბილოვი კი მიანიშნებს, რომ პროტესტი საქართველოდან იმართება.
დაკრძალვა და პროტესტი
31 აგვისტოს, დაახლოებით, ორი ათასი ადამიანი მივიდა ინალ ჯაბიევის დაკრძალვაზე. ღონისძიებას ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა.
დაკრძალვის შემდეგ, ასობით ადამიანი კვლავ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. ისინი პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვდნენ.
ამას გარდა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „ნიხასიდან“, დავიდ სანაკოევმა წამოაყენა მოთხოვნა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მოქმედი გენერალური პროკურორისა და უკვე გადამდგარი შს მინისტრის წინააღმდეგ.
დეპუტატი ასევე ითხოვს სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სისტემის რეფორმასა და შსს-ს თანამშრომლების მიერ ეჭვმიტანილების ცემის სხვა შემთხვევების გამოძიებას.
პროტესტის მონაწილეები გვიან ღამით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ, რომლისთვისაც ძალოვანებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებმა დეპუტატების შეგონებებს მოუსმინეს და შენობის შტურმი არ დაიწყეს.
30 აგვისტოს, ვიდეომიმართვით გამოვიდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელსაც ეს თანამდებობა 2001-დან 2011 წლამდე ეკავა. მან ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა ანატოლი ბიბილოვს, მოუწოდა რა, საკუთარი ნებით პოსტიდან გადადგომისკენ.
სამოქალაქო აქტივისტის ცემა
ინალ ჯაბიევის დაკრძალვის დროს, პირდაპირ შუა ქუჩაში, თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტსა და ბიზნესმენს, ტიმურ ცხურბატს. მას სასტიკად სცემეს და ყბის მოტეხილობით საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც თავად ცხურბატი ჰყვება, თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიერ გაკეთებული კომენტარი გახდა.
„თავს დამესხნენ – თავდაპირველად ქალი, ნამდვილი პროვოკატორი. როგორც ჩანს, მას სურდა, რომ მისთვის დამერტყა. რა თქმა უნდა, არ დამირტყამს, მაგრამ გარშემო მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, თითქოს მას გამოექომაგნენ. შედეგად, გატეხილი მაქვს ყვრიმალის ძვალი და ლამის მასიური ჩხუბი დაიწყო“.
აქტივისტმა საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, არ შეურიგდნენ უკანონობას.
„მოგმართავთ თქვენ – თუკი ჩუმად ვიქნებით, ეს გაგრძელდება და არასოდეს დასრულდება. თუკი არ მივმართავთ კანონს, ეს გაგრძელდება და ხვალ, მე კი არ დამიმსხვრევენ ძვლებს, არამედ ისევ ახალგაზრდა ადამიანს დავკრძალავთ“, – აღნიშნა მან.
ხელისუფლების რეაქცია
ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო გამოწვეული აღშფოთების საპასუხოდ, პრეზიდენტმა მთავრობა სრული შემადგენლობით დაითხოვა.
დააპატიმრეს შსს-ს რვა თანამშრომელი, რომლებიც მის სიკვდილთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
• ცხინვალი: მოსახლეობა აღშფოთებულია რუსული საბაჟოს ახალი წესებით
• ცხინვალი: საბაჟოს გამო გამოწვეული სურსათის კრიზისი
თუმცა, მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ ანატოლი ბიბილოვს საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
ბიბილოვის ერთადერთი კომენტარი, ტელეგრამ-არხმა @wargonzo-მ გაავრცელა, რომელიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აშუქებს.
„ქართველი ბოტები არიან დაკავშირებული ცხინვალში მიმდინარე მიტინგებთან“, „ქართულმა მხარემ არ დააყოვნა შექმნილი სიტუაციის გამოყენება, რომელმაც პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინა და აქტიურად აღვივებს მას სოციალური ქსელების საშუალებით. სამუშაოები ხორციელდება სისტემურად და სავარაუდოდ, მათ ზედამხედველობენ სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურები (აშშ-ის)“, – ციტირებს არხი ბიბილოვის ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომლის სრულად გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„საკითხის გადაჭრის ნაცვლად, ბიბილოვმა კვლავ გადაწყვიტა მიჰყოლოდა კურატორი პოლიტტექნოლოგების რჩევას და ემოქმედა საერთო რუსული „მეთოდიკის“ შესაბამისად, სწორედ აქედან მოდის განცხადება ქართველი ბოტებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ“, – კომენტარს აკეთებს ამ ცნობაზე ოსური ტელეგრამ-არხი „Бонваернон“-ი.
პროტესტის მიზეზები
სამხრეთ ოსეთში, ბევრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცხინვალში, პროტესტის აფეთქების მიზეზი გახდა არა მხოლოდ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, არამედ ისიც, რომ სახელმწიფო მოხელეების თავნებობის წინა შემთხვევებიც გამოუძიებელი დარჩა.
კერძოდ, საუბარია ვლადიმირ ცკაევზე, რომელიც პოლიციის განყოფილებაში წამების შედეგად 2015 წელს გარდაიცვალა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
სამხრეთ ოსეთის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში ინციდენტები ამით არ დასრულებულა. პატიმრები და მათი ნათესავები ამტკიცებდნენ, რომ იქ ადამიანებს სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ.
2019 წლის ოქტომბერში, სპეცრაზმმა ძალით ჩაახშო შიმშილობის აქცია გამოსასწორებელ კოლონიაში, სასტიკად სცემეს პატიმრები. მაშინ, ამან პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია, თუმცა, ბიბილოვმა უარი თქვა ოპოზიციისა მოთხოვნის შესრულებაზე და თანამდებობიდან იუსტიციისა და შს მინისტრების გათავისუფლებაზე.
2020 წლის 6 ივნისს, დაახლოებით, 20-მა პატიმარმა, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისადმი პროტესტის ნიშნად, ვენები გადაიჭრა.
მოსაზრება: რა საერთოა ცხინვალს, რუსეთსა და ბელარუსს შორის
აქ მიმდინარე პროცესები რუსეთის ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსნულინის პირადი ჩავარდნაა, რომელსაც ევალება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კურატორობა – წერს ტელეგრამ-არხი „Мысли-НеМысли“.
წყაროს ცნობით, ამ თანამდებობაზე ხუსნულინის წინამორბედმა, ოლეგ გოვორუნმა „აფხაზური მიმართულება ჩააგდო, რისი მტკიცებულებაც არის ამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლებაში ასლან ბჟანიას მოსვლა“.
„ახლა, აფხაზეთის სცენარი მეორდება სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ამჯერად მას ასევე ამძიმებს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები. რუსეთის საზღვრებთან არასტაბილურობის ზონა ვრცელდება და შეუძლებელია ქვეყნის ხელისუფლებას ეს არ ანერვიულებდეს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთში 2011 წლის საპროტესტო გამოსვლები, რომლის შედეგადაც კრემლის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ანატოლი ბიბილოვი (ახლანდელი პრეზიდენტი) იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა, 2011-2013 წლებში, რუსეთში, საპროტესტო აქციების საწინდარი გახდა“, – წელს ტელეგრამ-არხი.