ტურიზმის სფერო სომხეთის ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებს
კომპანიები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ, სომხეთის ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. საუბარია კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ზომის სასტუმროებზე, სანატორიუმებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და კომპანიებზე, რომლებიც ტურისტების მომსახურების სფეროს წარმოადგენენ, მათ შორის, კვების მიმართულებით.
კორონავირუსისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასალახად შემუშავებული მორიგი ანტიკრიზისული პროგრამა მინისტრთა კაბინეტმა 13 აგვისტოს დაამტკიცა.
სახელმწიფო მხარს დაუჭერს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მინიმუმ სამი თანამშრომელი ჰყავთ და შექმნილი არიან არაუგვიანეს 2020 წლის მარტისა. პროგრამა, პირველ რიგში, მიმართულია იმ კომპანიებზე, რომლებმაც თანამშრომლები არ შეამცირეს.
• ვის და რა დახმარებას უწევენ სომხეთში, კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად
• სომხეთი: სამი ქალის ისტორია, რომლებიც საკუთარი ბიზნესის კორონავირუსისგან გადარჩენას ცდილობენ
ვინ შეძლებს დახმარებით სარგებლობს
ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა განმარტა, რომ დახმარება სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით გაიცემა ხელფასების გადასახდელად. ამასთან, ის კომპანიები, რომლებიც ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ თანამშრომლების შემცირება, განსაკუთრებულად წახალისდებიან. მაგალითად, თუკი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ორგანიზაციამ თავისი შტატის 70%-ზე მეტის შენარჩუნება მოახერხა, მასზე გრანტი ყოველ მესამე თანამშრომელზე გაანგარიშებით გაიცემა, ხოლო თუ 20-დან 70%-მდე – ყოველ მეოთხეზე.
რაც შეეხება ვადებს, პროგრამა იმოქმედებს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით. მაგრამ თუკი კომპანიების ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება, მაშინ დახმარება შეწყდება – მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კვარტალის მიმდინარეობისას, ორგანიზაციის ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემების 70%-ს გადააჭარბებს.
დახმარებას ვერ მიიღებენ ის კომპანიები, რომლებმაც 2019 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიიღეს დახმარება, კერძოდ, დაიბრუნეს დღგ 50 მილიონ დრამზე მეტის (დაახლოებით, 104 ათასი დოლარი) ოდენობით და მაინც შეამცირეს შტატების ნახევარზე მეტი.
სახელმწიფო დახმარებას არ უნდა ელოდნენ ის საწარმოები, რომლებიც საკუთარ ბრუნვას მალავენ და არ გასცემენ სალაროს ჩეკებს.
„თუკი კომპანიამ დაარღვია სალარო აპარატების გამოყენების წესები და ეს აქტი არ გასაჩივრებულა, მაშინ, იმ თვიდან, კომპანია წყვეტს პროგრამის ბენეფიციარად ყოფნას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რა დაუჯდა სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამები
სომხეთის ხელისუფლებამ, საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგების აღმოსაფხვრელად, 24 ანტიკრიზისული პროგრამა აამოქმედა. ისინი გათვალისწინებულია ბიზნესის დასახმარებლად და საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენებისთვის.
12 აგვისტოს მონაცემებით, სულ ამ პროგრამებზე გამოიყო 144.5 მილიარდი დრამი (დაახლოებით, 300 მილიონი დოლარი), ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„მათგან, სოციალურ პროგრამებზე უკვე დაიხარჯა 26.2 მილიარდი დრამი (დაახლოებით, 55 მილიონი დოლარი), ეკონომიკაზე – 17.5 მილიარდი დრამი (36 მილიონ დოლარზე მეტი), კიდევ 19.9 მილიარდი დრამი (დაახლოებით, 42 მილიონი დოლარი) გაიცა ბანკების საშუალებით“.