როდესაც მერია უძლურია: ერევნის ცენტრში ხეებს „კანონიერად“ ჭრიან
ერევანში უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები დედაქალაქის ცენტრში – მაშტოცის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ პარკში სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ.
მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ სოციალურ ქსელებშიც. მათ აინტერესებთ, რატომ გასცა „რევოლუციის შემდგომმა“ ხელისუფლებამ ხეების მოჭრის უფლება და რატომ აგრძელებს იმ ხელისუფლების ტრადიციებს, ვინც 2018 წელს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად შეცვალა.
ვითარება იქამდე მივიდა, რომ ერევნის მერი იძულებული გახდა, სიტუაციის შესახებ განმარტება პრესკონფერენციაზე გაეკეთებინა. აიკ მარუტიანი ამტკიცებს, რომ მისმა წინამორბედმა პარკის ნაწილი იჯარით გასცა 2040 წლამდე, მეორე ნაწილი კი საკუთრებაში გადასცა. ასე რომ, ახლა კანონით არავის შეუძლია, მოიჯარესა და მფლობელს ამ ტერიტორიაზე რაიმე საქმიანობა აუკრძალოს.
ყველა დეტალი: როგორ ცდილობს მოქმედი მერი, ებრძოლოს შექმნილ ვითარებას და რატომ მიდის დედაქალაქის მთავარი არქიტექტორი.
● ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს პიკი არ არის. რა ხდება სომხეთში?
● ერევანი კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. ვიდეო
ბიზნესისთვის მიმზიდველი ტერიტორია
მისაკ მანუშიანის სკვერი ხალხში „მაშტოცის პარკის“ სახელით არის ცნობილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ „მწვანე კუნძულის“ გარშემო ვითარება დაიძაბა.
ჯერ კიდევ 2012 წელს, აქტივისტებს სერიოზული კამპანიის წამოწყება დასჭირდათ იმისთვის, რომ პარკი მშენებლობისგან გადაერჩინათ. 40 დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეები წინა ხელისუფლებისგან პარკში განთავსებული ჯიხურების დემონტაჟს მოითხოვდნენ.
მაშინ აქტივისტთა რიგებში ბევრი ოპოზიციონერი იყო, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მათ შორის იყო დედაქალაქის მოქმედი მერი, აიკ მარუტიანიც.
ამავე პარკში ხეების მოჭრის ისტორია 2016 წელსაც განმეორდა. მაშინ, JAMnews-ის წერილობითი კითხვის საპასუხოდ, მერიამ განმარტა, რომ „ახორციელებს ბულვარის რეკონსტრუქციასა და კეთილმოწყობას“. უფრო მეტიც, პირობა დადო, რომ „გაფართოვდება მწვანე ტერიტორია და დაირგვება ახალი ხეები“.
ამჯერადაც საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა აქტივისტების მიერ გადაღებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული იმავე პარკში მოჭრილი ხეების ფოტოები.
პრესკონფერენციის დროს, ერევნის მერმა განმარტა, რომ მისმა წინამორბედმა, ყოფილმა მერმა, ტარონ მარგარიანმა პარკის ტერიტორიის ნაწილი იჯარით 2040 წლამდე გადასცა ერთ ბიზნესმენს.
„მე პირადად, ყოფილი მერის გადაწყვეტილების ნაწილი გავაუქმე, იჯარით გაცემული ტერიტორია 1048 კვ.მ-დან 294 კვ.მ-მდე შევამცირე. უფრო მეტიც, ჩვენ ანულირება მოვახდინეთ გადაწყვეტილების, რომლითაც კერძო საკუთრებაში გადადიოდა 386 კვ.მ. თუმცა, პარკის ნაწილში, რომელიც იჯარით არის გაცემული, მფლობელს მშენებლობის უფლება აქვს. კანონი ამ შემთხვევაში მოიჯარის მხარეს არის“, – განაცხადა აიკ მარუტიანმა.
მისი თქმით, თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტერიტორიის მფლობელთან და პირობა დაუყენა: ახალი კაფე მსუბუქი კონსტრუქციით უნდა აშენდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ხეებსა და ბუჩქებს. იმ ხეების ნაცვლად კი, რომლის მოჭრაც გახდება საჭირო, ახალი უნდა დარგონ.
თავად მერიის მიერ ხეების მოჭრის შესახებ
მერმა განაცხადა, რომ გასული წლის დასაწყისიდან შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ერევანში, დაზიანებულ ხეებს სწავლობს:
„მაშინ ჩვენ ინვენტარიზაცია ჩავუტარეთ 437 ხეს. ახლა მათი რაოდენობა 500-ზე მეტია. ეს ხეები წაქცევის შემთხვევაში პოტენციურ საფრთხეს ქმნის. ცოტა ხნის წინ ავტომობილს დაეცა ხე. სასწაული მოხდა და მძღოლი გადარჩა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მსგავსი ხეების მოჭრა“.
მან ასევე განაცხადა, რომ ერევანი უფრო გამწვანებული უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ამისათვის მიმდინარეობს მუშაობა – დედაქალაქში დაირგვება ხეები, რომლებიც კარგად ძლებენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებში და შეუძლიათ დიდხანს გაძლონ. მერიის სპეციალისტები გერმანიის გამოცდილებას სწავლობენ – როგორ შეცვალეს მოკლე დროში ძველი ხეები ახლით.
მთავარი არქიტექტორი გადადგება
პრესკონფერენციის დროს, მერმა დაადასტურა, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორი, არტურ მესჩიანი თანამდებობიდან გადადგება:
„ბატონმა მესჩიანმა, რომელსაც ჩვენ ყველანი ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ჯერ კიდევ თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩვენთან ერთად ორი წელი იმუშავებდა. ეს ვადა მალე მთავრდება. ასე რომ, ბატონი მესჩიანი, როგორც დაგვპირდა, საკუთარი სურვილით დაწერს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას და პირადი საქმეებით დაკავდება“.
ამავდროულად, აიკ მარუტიანმა არ დააზუსტა, არსებობს თუ არა მთავარი არქიტექტორის გადადგომის სხვა მიზეზები.
არტურ მესჩიანი ერევნის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
მანამდე, არტურ მესჩიანს სომხეთში იცნობდნენ უფრო როგორც მუსიკოსს და არა არქიტექტორს: კომპოზიტორი, საყვარელი სიმღერების ავტორი და დიდი პატრიოტი, ადამიანი აქტიური სამოქალაქო პოზიციით. სწორედ ამიტომ, მის ამ თანამდებობაზე დანიშვნას ბევრი ერევნელი დიდი იმედით უყურებდა და დარწმუნებული იყო, რომ დედაქალაქის იერსახე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.