2013 წლიდან ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობას - “ფრონტერა”
კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში გაუარესდა ბიზნესგარემო, რომელიც არ ცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს, როგორც იარაღს და ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას.
რა წერია წერილში?
“2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატურ ნგრევას.
შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი.
ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს,” – წერია წერილში, რომელსაც ხელს კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სტივ ნიკანდროსი და კომპანიის პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი აწერენ.
წერილის ავტორები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, გაითვალისწინოს, რომ რუსული ენერგოგიგანტი, „როსნეფტი“, რომელიც საქართველოში 2013 წელს შემოვიდა, დაუსჯელად საქმიანობს, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა.
„როსნეფტს“ მიეცა უფლება, სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ კი დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ ცნო. რატომ?
ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ „გაზპრომსა“ და „სოკარს“ , საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით.
ამავე დროს კი „ფრონტერას“ მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო, უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციასა და ექსპროპრიაციას. რატომ?
2016 წელს, ჩინურ „სიიეფსის“ გადაეცა 75-პროცენტიანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა.
თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა 150 მილიონი დოლარის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ „ფრონტერა“, როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა „ფრონტერამ“ 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა.
თანაც, ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?”
სტივ ნიკანდროსი და ზაზა მამულაიშვილი გიორგი გახარიას ახსენებენ 2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმზე გაკეთებულ განცხადებასაც, სადაც ის საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ საუბრობდა:
„ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?
ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტიამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ?
ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრძელვადიანი ქართულ- ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?“
- საქართველო ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს. დახმარება ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან, დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
წერილის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ ბოლოს და ბოლოს დასრულდა და ეს თავი “კონსტრუქციული სულისკვეთებით” დაიხურება და საქართველოს ხელისუფლება უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნის ამერიკულ კომპანიებს.
ეკონომიკის მინისტრის პასუხი “ფრონტერას”
„ფრონტერას“ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა.
“საერთაშორისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა.
თუ კი გაქვთ სურვილი, მეტი ინფორმაცია და საბოლოო სიმართლე შეიტყოთ ამის შესახებ, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას“, გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, – განაცხადა თურნავამ.
რა დაადგინა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ „ფრონტერას“ დავა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო. როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა კორპორაციისა და სააგენტოს პოზიცია, რომ „ფრონტერას“ განცხადებები ნავთობისა და გაზის მოცულობების აღმოჩენის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დასტურდება.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტი და კომპანიას ქართული მხარისთვის 6 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და „ფრონტერას“ შორის გაფორმებული კონტრაქტი 2020 წლის 27 ივლისს შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ინვესტორებისთვის, მათ შორის „ფრონტერასთვის“ საქართველოში შექმნილ პრობლემებზე საუბარია ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების ჯგუფის წერილში, რომელიც მათ 15 მაისს გაუგზავნეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს.