საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უგულავას და ოქრუაშვილს არა პოლიტპატიმრებად, არამედ დამნაშავეებად მიიჩნევს. გადაწყვეტილება კი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე ზრუნვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მიიღო.
“პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს – სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.
ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ სჩანს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზიურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას…მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ”.
როგორც ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, 8 მარტს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ პირობას სწორედ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების გათავისუფლება წარმოადგენდა. თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღემდე ასეთი დაპირების არსებობას უარყოფდნენ იმ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
ბოლო დღეებში რამდენემე დასავლელმა პოლიტკოსმა, მათ შოროის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა, საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისა და “პოლიტპატიმრების” გათავისუფლებისკან მოუწოდეს.