აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების ჰომოფობიურმა გამონათქვამებმა სკანდალი გამოიწვია
აზერბაიჯანის ოპოზიციურ წრეებში ახალი სკანდალი გაჩაღდა – ამჯერად გაერთიანება „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ წევრების ჰომოფობიური გამონათქვამების გამო. ინტერნეტში მოხვდა ონლაინ- თათბირის ფრაგმენტები, რომელზეც „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ წევრები ჟურნალისტ ისმაილ ჯალილოვის ჰომოსექსუალობაზე ქილიკობენ და მას დედას აგინებენ.
„დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო“ – ოპოზიციური გაერთიანებაა, რომელშიც შედის პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“, ასევე – ზოგიერთი სხვა პარტიის წევრები და რამდენიმე „დამოუკიდებელი“ ოპოზიციონერი აქტივისტი. კერძოდ – ყოფილი დეპუტატი გიულტეკინ ჰაჯიბეილი, რომლისგანაც დაიწყო სკანდალი.
- „გამოცდა ვირუსით“ – როგორ გადაიტანა ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ
- ადამიანები, ვისთვისაც ომი არ მთავრდება. შესაძლებელია თუ არა პოსტტრავმული სინდრომის დამარცხება?
ისმაილ ჯალილოვი – აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. ის ღიად ჰომოსექსუალია და Facebook-ზე აქვს საკუთარი პოლიტიკური ბლოგი, რომელშიც ხშირად არამხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც აკრიტიკებს, რის გამოც ხან ერთთან და ხან მეორესთან მუდმივი კონფლიქტი აქვს.
ჯალილოვის კრიტიკის მორიგ ობიექტად იქცა გიულტეკინ ჰაჯიბეილი. ZOOM-ით გამართულ ონლაინ-თათბირზე „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ სხვა წევრებთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობისას ჰაჯიბეილიმ ჯალილოვის სექსუალურ ორიენტაცია უხეშად მოიხსენია, გაერთიანების ზოგიერთმა სხვა წევრმა კი მას მხარი დაუჭირა.
მაგალითად, პარტია სამოქალაქო ერთობის მმართველობის წევრის რაფიკ მანაფლის თქმით „სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჰიტლერმა ყველი გეი არ ამოხოცა“.
შეურაცხყოფების პორცია წილად ხვდა ასევე ოპოზიციურ პარტიებს „მუსავათსა“ და „რესპუბლიკურ ალტერნატივას“, რომლებიც „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ შემადგენლობაში არ არიან.
ჯალილოვის სკანდალთან მათ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ამ პარტიებს „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოსთან“ კონფლიქტები ხშირად მოსდით. თანაც მათ შორის ყველაზე ახალი სკანდალი ასევე ჰომსექსუალურ თემაზე მოხდა – „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთმა წევრმა „რესპუბლიკური ალერნატივას“ წევრი ჰომოსქსუალობაში შენიღბულად, თუმცა საკმაოდ მისახვედრად „დაადანაშაულა“ .
მსჯელობა სოციალურ ქსელებში
გაურკვეველია, თუ ვინ რა მიზეზით ატვირთა ონლაინ-კონფერენცია სოციალურ ქსელში, მაგრამ სკანდალი მომენტალურად ატყდა.
მომხდარზე მსჯელობაში ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების, ჟურნალისტების, და უბრალოდ პოლიტიკით დაინტერესებული მომხმარებლების უმრავლესობა ჩაერთო.
ბევრი არა მხოლოდ საკუთრივ ჰომოფობიურმა გამონათქვამებმა აღაშფოთა, არამედ იმ ფაქტმაც, რომ ეს ყველაფერი თავის დემოკრატებად წარმომჩენი ადამიანებისგან მოდიოდა.
ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა:
„ასეთი ადამიანები „გამარჯობასაც“ კი არ იმსახურებენ. „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ თავმჯდომარემ ჯამილ ჰასანლიმ კეთილი ინებოს და განმარტოს თავისი თანამოაზრეების ლექსიკონი და აზროვნების ყაიდა. და თან აგვიხსნას, ამ ყველაფერს მშვიდად რატომ უსმენდა“.
ყოფილი პოლიტპატიმარი, აქტივისტი ილკინ რუსტამზადე:
„სირცხვილი იყო ამ ვიდეოს ყურება. ვფიქრობ, პარტია „სახალხო ფრონტმა“ „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ წინაშე ამ ადამიანების გაერთიანებიდან გარიცხვის საკითხი უნდა დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაერთიანება თავად დატოვოს“.
უფლებადამცველი ბაშირ სულეიმანლი:
„ეს ადამიანები სხვის პირად ცხოვრებაზე მსჯელობენ, ფაშიზმს ამართლებენ და თანაც თავი ალტერნატიული აზრის მქონეებად მიაჩნიათ. სამარცხვინოა!“.
თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ მიემხრო, და ამის არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ „არც ერთ მშობელს არ მოუნდება, რომ მისი შვილი გეი იყოს“.
„დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ ბოდიში და ბრალდებები
ამ ყველაფრის შემდეგ „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო“ იძულებული გახდა, განმარტებები გაეკეთებინა.
ეს პირველმა თავად გიულტეკინ გაჯიევამ გააკეთა.
„ისმაილ ჯალილოვს ჩემს მიმართ არაერთხელ დაუწერია დამამცირებელი სტატუსები, შეურაცხყოფას მაყენებდა, ცილს მწამებდა, მაგრამ ამაზე არ ვრეაგირებდი. თანახმა ვარ, რომ უხეშად ვილაპარაკე, მაგრამ ეს სულ იმ ემოციის გამოა, რომ ჩემსა და ჩემს მეგობრებზე ხანგრძლივი და უსამართლო თავდასხმები არ წყდება. თუ ვინმემ დახურულ შეხვედრაზე ნათქვამი ეს ჩემი სიტყვები ადამიანების რომელიმე ჯგუფის ან უმცირესობის შეურაცხყოფად აღიქვა, დაე მიიღოს ჩემგან გულწრფელი ბოდიში“, – დაწერა მან საკუთარ Facebook-გვერდზე.
ამავდროულად გაჯიევა მიიჩნევს, რომ ვიდეო უკანონოდ ჩაიწერა და ინტერნეტში გამოაქვეყნა ქვეყნის ხელისუფლებამ. გარდა ამისა, ის ჩივის, რომ უკვე ორი დღეა, ხელისუფლება სოციალურ ქსელებში მის აკაუნტებს ტეხავს, მის ფოტოებსა და კონტაქტებს ინტიმური მომსახურების გვერდებზე ათავსებს, და საერთოდ, მის წინააღმდეგ „ვირტუალურ ომს აწარმოებს“.
მოგვიანებით „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ თავმჯდომარე ჯამილ ჰასანლი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა. ის ასევე მიიჩნევს, რომ ვიდეო სოციალურ ქსელებში ხელისუფლების წყალობით მოხვდა და ამას კიბერ- დანაშაულად და იმის კიდევ ერთ დასტურად აღიქვამს, რომ მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ ჯაშუშობას ეწევა. მათ კი, ვინც ამ ვიდეოს თავიანთ გვერდებზე აზიარებს და კიდევ ავრცელებს, ჰასანლიმ რეჟიმის ხელის შემწყობები და დანაშაულის თანამონაწილეები უწოდა.
რაც შეეხება „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ წევრების ჰომოფობიას, ჰასანლი ამბობს:
„ამ ვიდეოს გაგრძელება ნაჩვენები რომ ყოფილიყო, ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ ამგვარ დაუშვებელ გამონათქვამებს მაშინვე მკვეთრი უარყოფა მოჰყვა. მათ, ვინც თავს ამის უფლება მისცა, მაშინვე უთხრეს, რომ ეს „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეროვნული საბჭო უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებას იცავს, განურჩევლად მათი ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი ან ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა. და შეგახსენებთ, როდესაც რამდენიმე წლის წინათ პოლიციამ ლგბტ თემის წინააღმდეგ ნადირობა გამოაცხადა, ეროვნული საბჭო ამის წინააღმდეგ ღია პროტესტით გამოვიდა“.