აზერბაიჯანულმა მხარემ ნაღმტყორცნები გამოიყენა. ყარაბაღში ვითარება მწვავდება
ინფორმაცია ერევნიდან
სომხური მედია მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციას ავრცელებს:
“29 აპრილს, დაახლოებით, 15:00 და 17:25 საათზე, აღმოსავლეთ მონაკვეთში (მარტუნი), არცახისა და აზერბაიჯანული სამხედრო შენაერთების კონტაქტის ხაზზე, სომხური პოზიციების მიმართულებით გამოიყენეს 60 მმ. კალიბრის ნაღმტყორცნები. თავდაცვის ქვედანაყოფებს დანაკარგი არ აქვს. სომხური შენაერთების მიერ საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგის აქტივობა შეჩერდა”.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ხაზის სხვა მონაკვეთებზეც დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იქ სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენეს, მაგრამ ახლა მშვიდი ვითარებაა.
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანი თავად ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს, მაგრამ მომხდარის საპირისპირო ვერსიას ავრცელებს.
“სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ ისარგებლა მომენტით და დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებს APA ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 აპრილს, დღისით, სომხურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანულ პოზიციებს, რის შემდეგაც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს 82 მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან.