როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის გეგმა
საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მოხდება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ არ იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ანდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გაიზრდება, შესაძლებელია, გაუქმებული შეზღუდვა ისევ ამოქმედდეს.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 114 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა ასეთია:
27 აპრილიდან
აღდგება მანქანებით გადაადგილება, ტაქსის მუშაობა და ონლაინვაჭრობა. გაიხსნება აგრარული ბაზრებიც.
მანქანებით გადაადგილება დაშვებული იქნება ქალაქებს შიგნით. თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ისევ დაკეტილი იქნება. ჩაკეტილ ქალაქებს შორის მიმოსვლა გამონაკლისის სახით, დაშვებული იქნება მხოლოდ 27 და 28 აპრილს.
იმ ადამიანებს, რომლებიც სადმე იყვენენ ჩარჩენილები, 2 დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილებს დაუბრუნდნენ. 29 აპრილს შეზღუდვა ისევ აღდგება.
11 მაისიდან
აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები და სამშენებლო მასალების წარმოება. გაიხსნება ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები.
ნებადართული იქნება კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტის და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.
25 მაისიდან
გაიხსნება ისეთი საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.
15 ივნისიდან
გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
29 ივნისიდან
გაიხსნება ბაზრები, ბაზრობები და ყველა ტიპის რესტორნები.
15 ივლისამდე
გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები, კაზინოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მანქანით გადაადგილება – გამონაკლისების სია
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- “დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. შეპასუხება არ შეიძლება,” – ექვსი მარნეულელი ქალი ჰყვება, როგორ შეცვალა კარანტინმა მათი ცხოვრება
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება.
გახარიას თქმით, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა, ფიზიკური კონტაქტის შემცირების მიზნით დისტანციური მუშაობის ფორმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლევანდელი სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ეროვნული გამოცდები ჩატარდება, თუმცა შეიძლება გადავადდეს.
უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი და როდის აღდგება საჰაერო მიმოსვლა.