IMF: ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ინვესტორთა განწყობაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს
სავალუტო ფონდის პროგნოზი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საქართველოში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ამასთან, ფონდი მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციით გამოწვეულ ეკონომიკურ რისკებზე და აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება.
საბოოლოდ, გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეუბნება: ეკონომიკა იზრდება და საბანკო სისტემა ჯერჯერობით სტაბილურია, მაგრამ ამ ზრდის უკან რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა და რისკი იმალება.
IMF-ის შეფასების რამდენიმე მთავარი გზავნილი:
1. პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკასაც აზიანებს
IMF პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა ინვესტორების განწყობა გააუარესოს.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არაპროგნოზირებადია და ევროკავშირთან ურთიერთობები დაძაბულია, ინვესტორები უფრო ფრთხილობენ. მათ შეიძლება გადადონ ახალი ქარხნის, სასტუმროს, საწარმოს ან სხვა ბიზნესის გახსნა.
შედეგად, ქვეყანაში ნაკლები ფული შემოდის, ნაკლები სამუშაო ადგილი იქმნება და ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება შენელდეს.
ანუ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ პოლიტიკოსების პრობლემა არ არის და მას მოქალაქეების დასაქმებასა და შემოსავლებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.
2. ეკონომიკის ზრდა შესაძლოა გარკვეულწილად გარე ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული
IMF აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დასრულება საქართველოსთვის ერთდროულად დადებითი და პოტენციურად რთული ცვლილებების მომტანი შეიძლება იყოს.
ომის დასრულება რეგიონში სტაბილურობასა და ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა არსებობს მეორე მხარეც: ბოლო წლებში საქართველოში მიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ზრდამ ეკონომიკურ აქტივობას ხელი შეუწყო.
მარტივად რომ ვთქვათ, ომის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს იმ ადამიანებისა და ფინანსების გადაადგილება, რომლებმაც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკაში დამატებითი ფული შემოიტანეს.
ეს არ ნიშნავს, რომ ომის დასრულება საქართველოს ეკონომიკისთვის აუცილებლად ცუდი იქნება. IMF უბრალოდ აფრთხილებს მთავრობას, რომ ამ ცვლილებისთვის მზად უნდა იყოს.

3. სახელმწიფო ვალი მცირდება, მაგრამ ინვესტიციების განხორციელება ფერხდება
ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.5 პროცენტი იქნება, სახელმწიფო ვალი კი 33 პროცენტამდე შემცირდება.
ეს ერთი შეხედვით დადებითი მაჩვენებლებია.
ბიუჯეტის დეფიციტი ნიშნავს, რამდენით აღემატება სახელმწიფოს ხარჯები მის შემოსავლებს. სახელმწიფო ვალი კი ის თანხაა, რომელიც ქვეყანას ნასესხები აქვს და რომლის დაბრუნებაც მომავალში მოუწევს.
თუმცა IMF ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც გამოყოფს: ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილზე ნაკლებია არა მხოლოდ მაღალი შემოსავლების, არამედ კაპიტალური ხარჯების დაგვიანების გამოც.
რას ნიშნავს ეს?
სახელმწიფოს დაგეგმილი ჰქონდა გარკვეული თანხის დახარჯვა ინფრასტრუქტურაზე, მშენებლობაზე და სხვა საინვესტიციო პროექტებზე, მაგრამ ამ თანხის ათვისება შეფერხდა.
შესაბამისად, დაბალი დეფიციტი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უკეთესად ასრულებს ყველა ეკონომიკურ ვალდებულებას. ზოგჯერ ეს იმასაც ნიშნავს, რომ დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ ხორციელდება.
4. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებული არ არის
ეს IMF-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ფონდი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდში იზრდებოდა და შრომის ბაზარზე გარკვეული გაუმჯობესებაც შეინიშნება, თუმცა დასაქმების დონე მსგავს ქვეყნებთან შედარებით კვლავ დაბალია.
გარდა ამისა, ბევრი დასაქმებული ისეთ საქმიანობაშია ჩართული, რომელიც დაბალ პროდუქტიულობასა და შედარებით დაბალ შემოსავალს უკავშირდება.
მაგალითად: შეიძლება ადამიანი მუშაობდეს, მაგრამ მისი ხელფასი და სამუშაო პირობები არ იძლეოდეს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შესაძლებლობას.
IMF გამოსავალს პროფესიული განათლების გაუმჯობესებაში, მოთხოვნად პროფესიებში კადრების მომზადებასა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავს.
სხვა სიტყვებით: მხოლოდ ეკონომიკის ზრდა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია, ამ ზრდით მოსახლეობამაც ისარგებლოს.
5. ბანკები სტაბილურია, მაგრამ დოლარში სესხების ზრდა პრობლემად რჩება
IMF-ის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღია: ბანკებს საკმარისი კაპიტალი აქვთ, მომგებიანები არიან და ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი დაბალია.
თუმცა ფონდი განსაკუთრებით გამოყოფს დოლარიზაციის პრობლემას.
დოლარიზაცია ნიშნავს, რომ ქვეყანაში სესხებისა და ფინანსური ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარშია გამოხატული.
რატომ არის ეს საფრთხე?
წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს იპოთეკური სესხი დოლარში აქვს აღებული, ხელფასს კი ლარში იღებს.
თუ ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, მას სესხის მომსახურებისთვის მეტი ლარის გადახდა მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ დოლარში მისი ყოველთვიური გადასახადი არ შეცვლილა.
ეს რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალიც ლარშია, ვალდებულებები კი უცხოურ ვალუტაში.
ამიტომ IMF უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ზრდას ყურადღებით დასაკვირვებელ ტენდენციად მიიჩნევს.
6. რატომ არის მნიშვნელოვანი 2027 წლის ბიუჯეტი?
IMF-ის ინფორმაციით, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მშპ-ის 2.5 პროცენტის ოდენობის დეფიციტს ითვალისწინებს.
ამავე დროს, მთავრობა სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უფრო მეტის დახარჯვას აპირებს როგორც სოციალურ მიმართულებებზე, ისე ინფრასტრუქტურულ და სხვა საინვესტიციო პროექტებზე.
მთავარი საკითხია, რამდენად ეფექტიანად დაიხარჯება ეს თანხა და რამდენად აისახება დამატებითი ხარჯები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.