"ჩვენ არ ვართ მარიონეტები“ - კობახიძე ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგისკენ მოუწოდებს
კობახიძე ევროკავშირს აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების მეორე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს, კანდიდატი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს დაეთმო.
სამიტზე კობახიძემ ევროკომისიის წარმომადგენლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკისა და გამჭვირვალობის შესახებ ღია, საჯარო დებატების გამართვა შესთავაზა.
მისი თქმით, ევროკომისიის მომავალ ანგარიშში ასახული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება და დოკუმენტი პოლიტიზებულია. კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ყველა სადავო საკითხზე საჯაროდ ისაუბროს, თუმცა, მისი თქმით, ევროპული მხარე დიალოგისთვის მზად არ არის.
კობახიძის განცხადებები ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა. ანგარიში, რომელშიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი ფასდება, 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.
ანგარიში ყოველწლიურად აფასებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების პროგრესს, მათ შორის:
- დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და არჩევნებს;
- კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას;
- ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას;
- კორუფციასთან ბრძოლას;
- ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეფორმებს;
- ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ანგარიშში წარმოდგენილ შეფასებებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს.
„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში ექსპერტების შეფასებებს ეყრდნობა, თუმცა ამ შეფასებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია აქვს. პრემიერის მტკიცებით, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ამასთანავე, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა.
კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზებაა, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ეს პროცესი დახურულ კარს მიღმა კი არა, საზოგადოების თვალწინ უნდა წარიმართოს. მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცოდეს, რა საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია და რა არგუმენტები აქვს თითოეულ მხარეს.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება დარწმუნებულია საკუთარ პოზიციაში და მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილებები ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. კობახიძის თქმით, საქართველოს მიზანია უფრო განვითარებული, დემოკრატიული და გამჭვირვალე სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ქცევაში ცვლილებების მიღწევა დიალოგის გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, თუ ევროპულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების კანონებთან ან კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ამის შესახებ პირდაპირ უნდა ესაუბროს ქართულ მხარეს.
„ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან, გვესაუბრონ“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაშია. მათ შორის მან სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა დაასახელა.
კობახიძემ ასევე გააკეთა შედარება საბჭოთა პერიოდთან და განაცხადა, რომ ევროპული ურთიერთობები არ უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მითითებების მიცემას.
„70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა: მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები“, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებაზე საუბრისას კობახიძემ ასევე ახსენა საფრანგეთი და იკითხა, რამდენად მისაღები იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა, რასაც, მისი თქმით, საფრანგეთში აკრიტიკებენ. ამით მან ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა, საქართველოს კანონებისა და ქმედებების შეფასებისას, ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომა გამოიყენონ.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და მხარეებს შორის ურთიერთობებში არსებული ტენდენციები გადაიხედება.
სამიტზე ჟურნალისტმა მარია ტადეომ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა პარტიების აკრძალვის საკითხზე დაუსვა.
„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ. ევროპული მიდგომა ზოგჯერ აბსურდულია, რადგან ჩვენ უკრაინის მაგალითი გვაქვს. მათ 18 პოლიტიკური პარტია აკრძალეს“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ეს საკითხი პრობლემას შექმნის, თუ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას სთავაზობს“.
„საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე არის. ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების, დაახლოებით ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე. ეს სამართლებრივი საქმეა. ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას ვთავაზობთ. მაგრამ, სამართლებრივ კომენტარებს არავინ აკეთებს, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. ასე ერევიან საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სამიტის ფარგლებში კობახიძეს მარია ტადეომ ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობაზეც ჰკითხა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა გავრცელებული მოსაზრებით, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მასთან ერთად ფოტოს გადაღებას არ ისურვებდა.
კობახიძემ ამ კითხვას მოკლედ უპასუხა: „მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“.
კომენტარი
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები არ გადაუდგამს.
იოზვიაკის ცნობით, აღნიშნული პრობლემები გახდა ევროკავშირის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი, რაც, თავის მხრივ, ზოგადად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებასაც საფრთხეს უქმნის.
ამასთან, ანგარიშში გასული წლის შეფასებაც მეორდება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა „მხოლოდ სახელით“ რჩება და კანდიდატის სტატუსითა და გაწევრიანების წინა პროცესით გათვალისწინებულ უპირატესობებზე უარს კვლავ ამბობს.

„2026 წლის გაფართოების ანგარიში: ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი „მხოლოდ სახელით“ რჩება და კანდიდატის სტატუსითა და გაწევრიანების წინა პროცესით გათვალისწინებულ უპირატესობებზე უარის თქმას კვლავ აგრძელებს“, – წერს იოზვიაკი.
რა არის Euronews-ის ევროკავშირის გაფართოების სამიტი
Euronews-ის ევროკავშირის გაფართოების სამიტი (Euronews EU Enlargement Summit) არის საერთაშორისო პოლიტიკური ღონისძიება, რომელსაც ევროპული მედიასაშუალება Euronews აწყობს ბრიუსელში.
მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივების განხილვა: როგორ უნდა გაგრძელდეს ევროკავშირში ახალი ქვეყნების მიღების პროცესი და რა პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებია ამისთვის საჭირო.
სამიტზე იკრიბებიან ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, ევროპარლამენტარები, პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები.
სამიტზე განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების პროგრესს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, უსაფრთხოებას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ღონისძიება ტელევიზიითა და ციფრული პლატფორმებით გადაიცემა.
2025 წლის ღონისძიება პირველი იყო, 2026 წლის კი მეორე გამოცემა. შესაბამისად, სამიტი ამ ეტაპზე ყოველწლიური ღონისძიების სახეს იღებს.
თუმცა, ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური სამიტი და არც ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებული ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი. ეს არის Euronews-ის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო დისკუსია, რომელშიც ევროკავშირის ლიდერები და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.