რუსეთში გამოცემულმა ენციკლოპედიამ აფხაზეთში პროტესტი გამოიწვია
რუსეთში გამოცემული ენციკლოპედია
აფხაზეთში რუსეთში გამოცემული ენციკლოპედიის („შავიზღვისპირეთის სომხები“) ავტორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ წიგნში აფხაზებისა და აფსუების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოვლენის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო.
სკანდალის მიზეზი ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული მცირე სტატია გახდა, რომელიც ტერმინ „აბაზას“ განმარტებას ეხება. ამ სიტყვით თურქეთში აფხაზებსა და აფსუებს მოიხსენიებენ – ხალხებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი XIX საუკუნის მეორე ნახევარში, კავკასიის ომის შედეგად, ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს.
ენციკლოპედიის ავტორების მტკიცებით, თურქეთიდან კავკასიის შავიზღვისპირეთში გენოციდის შედეგად გადასახლებული ჰამშენის სომხები ტერმინ „აბაზას“ სიტყვა „მასტურბაციის“ ევფემიზმად იყენებდნენ.
გავლენიანმა აფხაზურმა ვეტერანთა ორგანიზაციამ „არუაამ“ განცხადებაში აღნიშნა, რომ ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული მასალა არც სამეცნიერო დისკუსიაა და არც შემთხვევითი შეცდომა.
„ენციკლოპედიაში „შავიზღვისპირეთის სომხები“ გამოქვეყნებული ტექსტი სამეცნიერო პოლემიკას ან შემთხვევით შეცდომას არ წარმოადგენს. ყველა ნიშნის მიხედვით, მას აშკარა პროვოკაციის მიზანი ჰქონდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„არუაამ“ წიგნის ავტორებისა და გამოცემასთან დაკავშირებული პირების მიმართ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. მათ შორის, არაკეთილსასურველ პირებად გამოცხადება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა.
ამ მოთხოვნას აფხაზეთის რამდენიმე სხვა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამაც დაუჭირა მხარი, მათ შორის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა.
„აუცილებელია წიგნის „შავიზღვისპირეთის სომხები“ შინაარსისა და მისი ავტორების, გამომცემლებისა და გამოცემის მომზადებასა და გავრცელებაში მონაწილე სხვა პირების მოქმედებების დაუყოვნებლივი და პრინციპული სამართლებრივი შეფასება. წიგნში მოყვანილი არაერთი გამონათქვამი საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს და ზიანს აყენებს ეთნიკურ ურთიერთობებს“, – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
აფხაზების პროტესტს რუსეთის სომხების კავშირიც გამოეხმაურა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა აგასი არაბიანმა განაცხადა, რომ ენციკლოპედიის ტირაჟის თითქმის სრული ნაწილი უკან გაიწვიეს და, მიუხედავად დამატებითი ხარჯებისა, შესაბამისი შესწორებების შესატანად სტამბას დაუბრუნეს. მისი თქმით, პრობლემური მონაკვეთის ამოღების შემდეგ ავტორმა წიგნის შემდგომ გავრცელებაზე მუშაობა განაგრძო.
თუმცა სტამბიდან მიღების შემდეგ დარიგებული რამდენიმე ეგზემპლარის მოძებნა და ამოღება ვერ მოხერხდა. ამიტომ მათი შესყიდვა და შემდგომი განადგურება გადაწყდა. გამოცემის ნაწილის მოძიება საბოლოოდ შეძლეს, თუმცა ყველა ეგზემპლარის დაბრუნება ვერ მოხერხდა.
აფხაზეთში სომხები მოსახლეობის რაოდენობით მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.
2025 წლის მარტში გამართულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივი სომხების უმრავლესობამ მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას დაუჭირა მხარი. წინა არჩევნებზე კი მათი ხმები პრეზიდენტობის ძირითად კანდიდატებს შორის მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდებოდა.
სომხური თემის მხარდაჭერა გუნბას გამარჯვების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა, თუმცა ამავე დროს ეთნიკურ ნიადაგზე რამდენიმე დაპირისპირებაც გამოიწვია.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას