ფაშინიანის სიტყვებმა საქართველოს ერთიანობის მხარდაჭერის შესახებ აფხაზეთში აღშფოთება გამოიწვია
ფაშინიანის სიტყვებმა აფხაზეთის აღშფოთება გამოიწვია
„ჩემს საჯარო განცხადებებში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. აფხაზეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც სომხეთის პრემიერის ეს სიტყვები გააკრიტიკეს.
„არცახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მთიან ყარაბაღში მცხოვრები საკუთარი 120 ათასი მოქალაქის გამოსახლება დაგმო, ფაშინიანის ბოლო გამოსვლა შეიძლებოდა დარჩენილიყო კომენტარის გარეშე, მაგრამ თეზისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ ზედმეტად ცინიკურად ჟღერდა.
ცინიკურია არა იმიტომ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არანაირი კავშირი არ აქვს სუვერენულ საქართველოსთან, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ერევანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ არცახი სომხეთია და არ დაუშვებს აზერბაიჯანის შეჭრას ყარაბაღის ტერიტორიაზე.“ – წერენ დეპუტატები გალუსტ ტრაპიზონიანი, ლევონ გალუსტიანი, აშოტ მინასიანი და ერიკ რშტუნი.
აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ფაშინიანის მხარდაჭერა „საქართველოს ერთიანობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისადმი“ ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის სუვერენიტეტის ფაქტს.
მან ასევე დასძინა, რომ აფხაზეთში სომხური თემი წარმოდგენილია ცხოვრების ყველა სფეროში – პოლიტიკიდან კულტურულამდე.
„აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტიაც ნიკოლ ფაშინიანს არ შეეძლო მიეცა ყარაბაღის სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის დაშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გასახლების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ. მეტიც, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგი იყო თავად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.“
თავდაპირველად ბჟანიას განცხადებაში ასევე იყო პუნქტი, რომ „აფხაზეთი, სომხეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, აკონტროლებს მთელ თავის ტერიტორიას“.
ეს, თავის მხრივ, არ მოეწონა ოპოზიციურ ტელეგრამ-არხს RESPUBLICA.
„საქართველო თავის ტერიტორიად მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მაგრამ ვინაიდან ასლან ბჟანია აღიარებს „მისი“ უკონტროლო ტერიტორიების არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს მათი არსებობის ფაქტს. ველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას“, – წერს RESPUBLICA.
განმარტებები არ ყოფილა, მაგრამ ბჟანიას განცხადებიდან აღნიშნული პუნქტი გაქრა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო