სომხეთში 2026 წლის 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ აფხაზეთის ოპოზიციური ჯგუფების ნაწილმა სომეხ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა არ მისცენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას.
მოწოდებამ აფხაზურ ოპოზიციაშივე წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია. ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად შეიძლება შეფასდეს.
რამდენიმე ოპოზიციურმა ორგანიზაციამ, რომელთა არაფორმალურ ლიდერად ადგურ არძინბა მიიჩნევა, აფხაზეთში სომხური თემის ხელმძღვანელს, ალიკ მინასიანს მიმართა თხოვნით, მოუწოდოს სომხეთის მოქალაქეებს “სწორი არჩევანის“ გაკეთებისკენ. განცხადების ავტორები მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც რუსეთთან მოკავშირეობასა და თანამშრომლობას მთავარ პრინციპად ასახელებენ.
მათივე შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება “ამიერკავკასიაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სომხეთის მომავალი კეთილდღეობის გარანტიაა“.
“დარწმუნებულები ვართ, რომ აფხაზეთში სომხური თემის ხმას გაიგონებენ სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც აირჩევენ სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრობას“, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ალიკ მინასიანს ამ დროისთვის განცხადებაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
თუმცა, მოწოდებას კრიტიკულად შეხვდნენ სხვა ოპოზიციური ჯგუფები. მათი განცხადებით, თუ აფხაზეთში უარყოფითად აღიქვამენ გარე ძალების მცდელობას გავლენა მოახდინონ ადგილობრივ არჩევნებზე, მაშინ ანალოგიური ჩარევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებშიც მიუღებელი უნდა იყოს.
“გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების შიდა პრობლემებზე ზრუნვა უფრო ლოგიკური და სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ორგანიზაცია “აიდგილარამ“, რომელსაც ოპოზიციის კიდევ ერთი არაფორმალური ლიდერი, კან კვარჩია ხელმძღვანელობს.
კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ, “აფსუა რიმჩმა“, განაცხადა, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები, პირველ რიგში, აფხაზეთის მოქალაქეები არიან და ეროვნული თემის უცხოურ საარჩევნო პროცესებში ჩართვის მცდელობა “არ უწყობს ხელს შიდა სამოქალაქო ჰარმონიას“.
ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკური კრიზისების პროექციას ახდენს საზოგადოებაზე.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ახიაცას“ ხელმძღვანელმა ახრა ბჟანიამაც გააკრიტიკა ინიციატივა და პარალელი თავად აფხაზეთთან გაავლო.
“წარმოიდგინეთ, რომ სომხეთში არსებობს აფხაზური თემი და სომხური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები მას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს კონკრეტულ კანდიდატს აფხაზეთის არჩევნებში. გვსურს ასეთი რჩევა?“ — განაცხადა ბჟანიამ.