ჩხუბი სომხეთის პარლამენტში: ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანაპარტიელებს „მხარს უჭერს“
ფაშინიანი ეროვნულ კრებაში მომხდარ ჩხუბზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებს მხარს უჭერს. მისი თქმით, ოპოზიციონერის სტატუსი „თავხედობის უფლებას არ იძლევა“.
ამ განცხადებით პრემიერი სომხეთის ეროვნულ კრებაში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ინციდენტში მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ და ოპოზიციური ფრაქციის, „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატები მონაწილეობდნენ.
პარლამენტის სხდომა, როგორც ყოველთვის, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კადრებში ჩანდა, როგორ ურტყამდნენ დეპუტატები ერთმანეთს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვააგნ ალექსანიანმა ოპოზიციონერების მიმართულებით სკამიც კი ისროლა.
„მივესალმები და მხარს ვუჭერ ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატების მოქმედებებს. სკამის, თუ სხვა რამის სროლა, ადეკვატური და სწორი რეაქცია იყო“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ხელისუფლება „ხელებს დაამტვრევს“ ყველას, ვინც ძალადობის გამოყენებას შეეცდება. ფაშინიანის აზრით, ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას ქვეყანაში სრული თვითნებობა.
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ანაჰიტ მანასიანი, ფაშინიანის პოზიციას არ ეთანხმება. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები საზოგადოებაში ძალადობის გამამართლებელ განწყობებს აძლიერებს.
„პარლამენტი დემოკრატიული დისკუსიების სივრცე უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი“, – განაცხადა მან.
პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების დეტალები და პრემიერ-მინისტრისა და ომბუდსმენის შეფასებები.
დეტალები – რა ხდებოდა სომხეთის პარლამენტში
დაძაბულობა სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ტარონ ჩახოიანმა, სიტყვით გამოსვლისას კორუფციის თემა წამოჭრა.
ამ კონტექსტში მან სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური ბლოკის, „სომხეთის“, ლიდერი რობერტ ქოჩარიანი და მისი თანამოაზრეები ახსენა.
შემდეგ ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს მიმართა და კორუფციაში ბრალდებულთა ჩამონათვალში მისი ნათესავებიც შეიყვანა. (მის ბიძას, მსხვილ ბიზნესმენს სამველ კარაპეტიანს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავებიან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით).
„კორუფციაში ჩაფლული ადამიანები ახლა კორუფციაზე, ყალბ ინფორმაციასა და იმაზე მსჯელობენ, თითქოს მათი ნათესავები [ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის] სამიზნეები გახდნენ. ბატონო კარაპეტიან, ჩემი ბრალი არ არის, რომ თქვენი მთელი სანათესაო პოლიტიკაშია ჩართული, მათ შორის თქვენი ბიძა, მამა და ბიძაშვილი“, – განაცხადა ჩახოიანმა.
მან ბრალდებების ჩამოთვლა განაგრძო. ჩახოიანმა დეპუტატებს შეახსენა, რომ ნარეკ კარაპეტიანის ბიძაშვილმა ერთ დროს ქვეყანაში ისეთი სამინისტროს შექმნის ინიციატივა წამოაყენა, რომელიც „ყველა ქალის დაკმაყოფილებას“ უზრუნველყოფდა.
„თქვენ ამის გამო დღემდე არ მოგიხდიათ ბოდიში“, – თქვა ჩახოიანმა.
მიმდინარე წლის თებერვალში, სამველ კარაპეტიანის ვაჟმა, სარგის კარაპეტიანმა, ორაზროვანი განცხადება გააკეთა: „ძლიერ სომხეთში [ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომლის ლიდერიც მისი მამაა] დაუკმაყოფილებელი ქალები არ იქნებიან“.
ამის შესახებ მან პოდკასტში ისაუბრა, სადაც დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზებს განიხილავდნენ. კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა „სექსის სამინისტროს“ შექმნა, კარაპეტიანმა უპასუხა: „რამდენადაც ვიცი, სექსის გარეშე დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია“.
სომხეთში ეს განცხადება ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამად მიიჩნიეს.
ამ სიტყვების შემდეგ ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა ნარეკ კარაპეტიანმა ადგილიდან რაღაც დაიყვირა, მან ტარონ ჩახოიანს მიმართა სიტყვით „არა“. ეს ფამილარული და დამამცირებელი მიმართვის ფორმაა. ჩახოიანმა უპასუხა: „შენ თვითონ ხარ „არა“ თავიდან ფეხებამდე!“
სიტყვიერ დაპირისპირებას ჩხუბი მოჰყვა. პარლამენტის სპიკერი რუბენ რუბინიანი დამსწრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. თუმცა, სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია არ შეუწყვეტია.
„სხდომას არ შევწყვეტ. მინდა, ყველამ ნახოს, რაც აქ ხდება“, – განაცხადა მან.
ვითარება კვლავ იძაბებოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვააგნ ალექსანიანმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართულებით სკამი ისროლა.
ამის შემდეგა რუბენ რუბინიანმა სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. დაპირისპირება, გარკვეული ხნის განმავლობაში, სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.
შესვენების შემდეგ ტარონ ჩახოიანმა სხდომათა დარბაზში მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც დაპირისპირებას უყურებდა.
მან ოპოზიციის ქცევას „ხულიგნობა“ უწოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი.
„თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დეპუტატს თავს დაესხათ და დაუსჯელი დარჩეთ, ჩხუბი გამოიწვიოთ და შედეგებს თავი აარიდოთ – ასე არ იქნება. ამაში ახლახან თავად დარწმუნდით. ვერ მოახერხებთ, ჩხუბი გამოიწვიოთ და შემდეგ სხდომათა დარბაზიდან ისე გაიქცეთ, რომ პასუხი არ მიიღოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველი პარტია ოპოზიციას აკისრებს. პარლამენტის სპიკერის, რუბენ რუბინიანის, თქმით, ნარეკ კარაპეტიანი შეეცადა, ტარონ ჩახოიანისთვის დაერტყა. თუმცა პირველი დარტყმა მას სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გარნიკ დავთიანმა, მიაყენა.
ოპოზიცია მომხდარის საპირისპირო ვერსიას ავრცელებს და პასუხისმგებლობას მმართველ ფრაქციას აკისრებს.
„მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუბენ რუბინიანს ეკისრება. ის ხელს უწყობდა პროვოკაციებს, რომლის ინიციატორიც ტარონ ჩახოიანი იყო. ვითარებაში ჩარევა საერთოდ არ უცდია“, – განაცხადა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატმა მარიანა გაჰრამანიანმა.
„ხელებს დავამტვრევთ“ – ფაშინიანი
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნახა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ დაიწყო ინციდენტი.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია ხელი აღმართოს ეროვნული კრების დეპუტატზე, დაარტყას მას ან სხვა რამე გააკეთოს, ჩვენ ამ ხელს დავამტვრევთ. ამას პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე – „სკამით?“
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა – „საჭიროების შემთხვევაში – სკამითაც. იცოდნენ თავიანთი ადგილი. ყველაფერს აქვს საზღვარი“.
ფაშინიანის თქმით, ოპოზიციონერები საკუთარი ქმედებების შედეგებს იმკიან, რადგან აქამდე სათანადოდ არ გამოხმაურებიან და არ დაუგმიათ თავიანთი დეპუტატების საქციელი.
„ასე იქნება ყოველთვის, მომავალშიც. ყოველ ჯერზე, როცა ასე მოიქცევიან, იმავე პასუხს მიიღებენ“, – ხაზი გაუსვა მან.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასება
სომხეთის სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის დეპუტატების, მხრიდან ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება ხელს უწყობს ძალადობის გამართლებას. შედეგად, საზოგადოებაში ძალადობა უთანხმოების მოგვარების ნორმალურ გზად აღიქმება.
ადამიანის უფლებათა დამცველმა მოუწოდა შესაბამის პირებს, გამორიცხონ:
- ქცევა, რომელიც ძალადობის გამოყენებას გულისხმობს ან მის გამოყენებაზე მიანიშნებს;
- ნებისმიერი განცხადება, რომელიც ძალადობას ამართლებს.
„ეს ინციდენტი სათანადო გამოძიების საგანი უნდა გახდეს, კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად“, – განაცხადა ანაჰიტ მანასიანმა.
ფაშინიანი ეროვნულ კრებაში მომხდარ ჩხუბზე