სუვერენიტეტი, ოკუპაცია, მშვიდობა და საქართველოს ეკონომიკური ამბიცია - რა თქვა ირაკლი კობახიძემ გაეროში
ირაკლი კობახიძე გაეროში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საერთაშორისო როლზე, სუვერენიტეტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პერსპექტივასა და ქვეყნის ეკონომიკურ ამბიციებზე ისაუბრა.
მისი გამოსვლის მთავარი გზავნილები ერთმანეთთან რამდენიმე თემამ დააკავშირა: საქართველო საკუთარ მომავალს სუვერენული არჩევანის საფუძველზე ხედავს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას დიალოგსა და ურთიერთპატივისცემას უკავშირებს, ხოლო რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყანას შუა დერეფნისა და სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი რგოლის როლი აქვს წარმოდგენილი.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
„საკუთარი გზა“: სუვერენიტეტი საქართველოს ისტორიული გამოცდილების ფონზე
კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ისტორიული გამოცდილება სუვერენიტეტის საკითხს დაუკავშირა. მისი თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციების გზაჯვარედინზე არსებობდა, და ქვეყანა განსხვავებულ კულტურებსა და იდეებს იღებდა, თუმცა ამავე დროს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას ცდილობდა.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიყავით, კარს ვუღებდით განსხვავებულ კულტურებს, ხალხს და იდეებს; ამავე დროს კი მტკიცედ ვიცავდით საკუთარ უნიკალურ იდენტობას და თვითმყოფადობას“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა გამოწვევების წინაშე, თუმცა სწორედ ამ გამოცდილებამ გააძლიერა ქვეყნის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა.
კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის, სახელმწიფოების მიმართ ერთიანი წესების თანაბრად გამოყენების მნიშვნელობაზე.
„ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ“, – თქვა მან.

„ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა“
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის თანამშრომლობის გასაგრძელებლად ყველა ქვეყანასთან, რომელიც ურთიერთობას ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე ხედავს.
მისი თქმით, საქართველოსთვის საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა ის ზეწოლისა და იძულებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
„პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, ხანგრძლივი პარტნიორობა დიალოგის გზით იქმნება და არა იძულებით.
ამავე კონტექსტში მან გაეროს როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზარდი გლობალური გაურკვევლობის პირობებში ორგანიზაცია კვლავ რჩება დიალოგისა და ერთობლივი მოქმედებისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმად.
კობახიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს რეფორმირების პროცესსაც. მისი თქმით, UN80 ინიციატივა შესაძლებლობას ქმნის, გაუმჯობესდეს ორგანიზაციის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
ოკუპაცია და მიმართვა აფხაზ და ოს მოსახლეობას
საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების საკითხმა პრემიერის გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ამ საკითხზე საუბრისას მან პირდაპირ მიმართა აფხაზ და ოს მოსახლეობას:
“ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო.
საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც – ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც.”
სამხრეთ კავკასია: „ახალი ფურცლიდან“ დაწყების შესაძლებლობა
საქართველოს პრემიერის გამოსვლაში რეგიონული უსაფრთხოების საკითხიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
კობახიძის თქმით, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე შეუძლებელია. მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განსაზღვრავდეს.
თბილისი, მისი თქმით, რეგიონულ ინიციატივებში ცდილობს იმოქმედოს როგორც კეთილსინდისიერი შუამავალი და ხელი შეუწყოს თანამშრომლობასა და მშვიდობიანი გადაწყვეტების ძიებას.
„დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერება მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით არ უნდა შემოიფარგლოს და საბოლოოდ ხელშესახებ ეკონომიკურ შესაძლებლობებადაც უნდა გარდაიქმნას.
“მშვიდობა ძალით არ იქმნება”
კობახიძე საერთაშორისო კონფლიქტების ფონზე მშვიდობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა ძალის გამოყენებით შეუძლებელია.
„ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების პირობებში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გლობალურ გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირება, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მოითხოვს.
ეკონომიკური ზრდა: ციფრებიდან სოციალურ შედეგებამდე
პრემიერის გამოსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მომდევნო წლების მიზნებს დაეთმო.
კობახიძემ განაცხადა, რომ ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები საბოლოოდ მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც უნდა აისახოს – გაიზარდოს ერთ სულ მოსახლეზე წარმოება და რეალური ხელფასები, შემცირდეს სიღარიბე, შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და გაძლიერდეს ეკონომიკური მდგრადობა.
მისი თქმით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წლის 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა. პრემიერმა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება და რეგიონებში შესაძლებლობების გაზრდა იქნება.
„იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა“, – ასე ჩამოაყალიბა მან ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდაქმნის ამბიცია დაასახელა. ამის მისაღწევად მან ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოება და საყოველთაო კეთილდღეობის ზრდა გამოყო.
შუა დერეფანი და საქართველო, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი რგოლი
ეკონომიკურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას. კობახიძის თქმით, საქართველო სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რაც ქვეყანას ცენტრალური აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირების პროცესში მნიშვნელოვან პოზიციას აძლევს.
შავი ზღვის პირდაპირი გასასვლელი, პრემიერის თქმით, ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი ფაქტორია. ამასთან, საქართველოს ინფრასტრუქტურას შეუძლია ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის გლობალურ მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირების შესაძლებლობის შექმნა.
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ შევქმენით ქსელი, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს“, — განაცხადა კობახიძემ.
საქართველო და გაერო – „დღეს გაკეთებული არჩევანი“
კობახიძემ გამოსვლა გლობალური პასუხისმგებლობის თემით დაასრულა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს იმ გარემოს, რომელშიც მომავალი თაობები იცხოვრებენ.
„სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს. მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.