ირანის ელჩი: საქართველო ირანელებისთვის ერთ-ერთი მიმართულება იყო, თუმცა არა ერთადერთი
ირანის ელჩის განცხადება
ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების მიმართ საქართველო სანქციების რეჟიმს სრულად დაიცავს. ელჩის განცხადებით, საქართველო ირანელებისთვის ერთ-ერთი შესაძლო მიმართულება იყო, თუმცა არა ერთადერთი.
აშშ-მ 27 ირანული ავიაკომპანია 8 სექტემბერს დაასანქცირა. აქედან ექვსი ავიაკომპანია (Sepehran Airlines, Varesh Airlines, Qeshm Air, Fly Kish Airlines, Taban Airlines და AVA Airlines) საქართველოსა და ირანს შორისაც დაფრინავს.
“ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, ირანის საელჩომ შავი ზღვის რეგიონის რუკაც გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მხოლოდ ნახევარი ჩანს. ,,რადიო თავისუფლების” კითხვაზე, შეიცავდა თუ არა რუკის ამგვარად გამოქვეყნება პოლიტიკურ გზავნილს, ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ გამოცემას საკუთარი პოსტით უპასუხა:
„ზოგჯერ დიპლომატს შეუძლია არაფერი თქვას, არც არაფერი დაწეროს და მხოლოდ ფოტო გააზიაროს… წყალი საზღვრებს არ ცნობს; კავკასიასა და ირანს დაკავშირებული საერთო მომავალი სჭირდებათ“

რას ამბობს ირანის ელჩი
ელჩის განმარტებით, ბოლო დღეებში ირანელმა ტუროპერატორებმა საელჩოს საკონსულო განყოფილებას საქართველოს მიმართულებით ტურისტული მოგზაურობების გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს.
„საქართველო, უდავოდ, შავი ზღვის სანაპიროზე ირანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება იყო“, – წერს მოჯანი და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ბოლო წლებში მრავალი ირანელი ტურისტი სტუმრობდა.
მისივე თქმით, ირანი პატივს სცემს საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქვეყნის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.
„საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა, სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“, – წერს ირანის ელჩი.
მოჯანის განცხადებით, ირანელი ტურისტები მოგზაურობის მიმართულების არჩევისას, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ, მათ შორის უსაფრთხოებას, სიმარტივეს, ხარჯებს, სარგებელს, ურთიერთპატივისცემასა და ღირსებას.
ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ტურიზმის სფერო ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის და ტურისტების ნაკადით მხოლოდ მოგზაურები არ სარგებლობენ.
„ტურისტების ჩამოსვლა მხოლოდ მოგზაურთა შემოსვლას არ ნიშნავს: ამით სარგებლობენ სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, მაღაზიები, გიდები, რეწვის სფერო, მუნიციპალური სერვისები და ეკონომიკის ათეულობით მიმართულება“, – წერს მოჯანი.
მისი განცხადებით, მოგზაურები ისტორიულად ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ კულტურებსა და ხალხებს შორის კავშირების დამყარებაში და ზოგჯერ თანამშრომლობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაში.
„თუ დღეს ახალი ვითარება შეიქმნა, მას მხოლოდ შეზღუდვად არ უნდა შევხედოთ; ყოველი შეზღუდვა შეიძლება ახალი გზების პოვნის შესაძლებლობად იქცეს“, – ამბობს ელჩი.
მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში საქართველოს გარდა სხვა სანაპიროებიც არსებობს, რომლებიც შესაძლოა ირანელი ტურისტებისთვის ალტერნატიულ მიმართულებებად იქცეს.
„არსებობს სხვა მიმართულებებიც – სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ. ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ, თუმცა მიმართულებას გააზრებულად, ურთიერთსარგებლისა და ურთიერთღირსების საფუძველზე აირჩევენ“, – წერს მოჯანი.
ელჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ირანის პატივისცემასა და მეგობრობას უცვლელი უწოდა და დასძინა, რომ, თავის მხრივ, პატივისცემას იმსახურებს ირანისა და ირანელი ხალხის არჩევანის უფლებაც.