მექას თავდაცვის შეთანხმება: როგორ შეიძლება ახალმა ალიანსმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაზე იმოქმედოს
მექას თავდაცვის შეთანხმება და აზერბაიჯანი
საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის გაფორმებულმა თავდაცვის შეთანხმებამ შესაძლოა რეგიონული უსაფრთხოების ახალი ფორმატი შექმნას და მისი გავლენა შესაძლოა სამხრეთ კავკასიამდეც გავრცელდეს, მათ შორის, აზერბაიჯანზე.
7 აგვისტოს, საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ხელმოწერილი ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთისა და უფრო ფართო მუსლიმური სამყაროს უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვან ახალ ფორმატად განიხილება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა.
შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ასეთია: ერთ-ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმა სამივე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად განიხილება.
მხარეები შეთანხმებას თავდაცვით მექანიზმად წარმოაჩენენ და აცხადებენ, რომ ის არც ერთი კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული.
შეთანხმება, რომელიც ნატოს მეხუთე მუხლს ჰგავს
მექას შეთანხმებას წინ უძღოდა საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის 2025 წლის სექტემბერში გაფორმებული სტრატეგიული ურთიერთდაცვის შეთანხმება.
ოფიციალური განმარტებით, ახალი ფორმატი წმინდა თავდაცვით ხასიათს ატარებს და არ ეფუძნება რელიგიურ ან სექტანტურ დაპირისპირებას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ტექნიკური თვალსაზრისით ნატოს მე-5 მუხლის მსგავსია, რომლის მიხედვითაც ერთ წევრ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმა მთელი ალიანსის წინააღმდეგ აგრესიად განიხილება.
თუმცა, მექას შეთანხმება ჯერ არ წარმოადგენს ნატოს მსგავს ინტეგრირებულ სამხედრო ალიანსს.
ფიდანის თქმით, იგეგმება მინისტრთა დონის კომიტეტისა და სამდივნოს შექმნა, რომელიც საუდის არაბეთში განთავსდება. ერდოღანმა კი უკვე მიანიშნა, რომ საწყისი სამეულის გაფართოება შესაძლებელია და მომავალში ფორმატში სხვა ქვეყნების, მათ შორის ეგვიპტის ჩართვაც განიხილებოდეს.
შეთანხმების რეალური სამხედრო მექანიზმები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. არ არსებობს ნატოს მსგავსი ერთიანი სამეთაურო სტრუქტურა და არც ავტომატური სამხედრო ჩარევის ყველა დეტალია განსაზღვრული.
სამი ქვეყანა, სამი განსხვავებული უპირატესობა
შეთანხმების პოტენციალი დიდწილად მონაწილე სახელმწიფოების ერთმანეთის შემავსებელ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
თურქეთს ნატოს სიდიდით მეორე არმია ჰყავს და ძლიერი თავდაცვის ინდუსტრია აქვს, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულებით.
საუდის არაბეთს კი აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსები, ენერგეტიკული შესაძლებლობები და განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა მუსლიმურ სამყაროში, როგორც ისლამის ორ უმნიშვნელოვანეს წმინდა ქალაქთან დაკავშირებულ სახელმწიფოს.
პაკისტანი ამ სამეულს დიდი და საბრძოლო გამოცდილების მქონე არმიით ავსებს. ის ასევე ერთადერთი მუსლიმური უმრავლესობის მქონე სახელმწიფოა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს.
ამგვარად, შეთანხმება აერთიანებს სამხედრო ძალას, ფინანსურ რესურსებს, თავდაცვის ტექნოლოგიებსა და ბირთვულ შესაძლებლობას, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად ეფექტურად შეძლებენ ეს რესურსები ერთიან სამხედრო მექანიზმად გარდაქმნას.
ფიდანის გზავნილი სამხრეთ კავკასიის შესახებ
შეთანხმების შესაძლო გაფართოების საკითხმა უკვე სამხრეთ კავკასიამდეც მიაღწია.
9 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა საინფორმაციო სააგენტო „Report“-თან საუბრისას არ გამორიცხა, რომ მომავალში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც შეიქმნას მსგავსი ერთობლივი თავდაცვის მექანიზმი.
ფიდანმა თურქეთის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ როლზე გაამახვილა ყურადღება, რადგან ქვეყანა ერთმანეთთან აკავშირებს ახლო აღმოსავლეთს, კავკასიას, ხმელთაშუა ზღვასა და ევროპას.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის დასრულებამ შესაძლოა რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნას.
ეს არ ყოფილა აზერბაიჯანისთვის ან სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებისთვის ოფიციალური მიწვევა. თუმცა განცხადება მიუთითებს, რომ თურქეთში უკვე განიხილავენ იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც მექას მსგავსი უსაფრთხოების ფორმატი შესაძლოა მომავალში კავკასიამდეც გავრცელდეს.
აზერბაიჯანი უკვე დაკავშირებულია შეთანხმების სამივე მონაწილესთან
თუ ახალი ფორმატი გაფართოვდება, ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი კანდიდატი აზერბაიჯანია.
ბაქოს უკვე აქვს მჭიდრო პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური კავშირები შეთანხმების სამივე მონაწილესთან.
თურქეთთან ურთიერთობების საფუძველს 2021 წლის შუშის დეკლარაცია ქმნის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობრივ ურთიერთობებსა და ურთიერთდახმარების მექანიზმებს ითვალისწინებს.
ამასთან, აზერბაიჯანი თურქეთთან და პაკისტანთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობს. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო წლებში, მათ შორის 2025 წელს ლაჩინში გამართული შეხვედრებისა და სამიტების ფონზე.
ბაქოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობებიც ფართოვდება, მათ შორის ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
ამიტომ, ფორმალური წევრობის გარეშეც კი, აზერბაიჯანი უკვე იმ ქსელის ნაწილია, რომლის ცენტრშიც თურქეთი, პაკისტანი და საუდის არაბეთი აღმოჩნდნენ.
ისრაელის ფაქტორი
ამ შესაძლო დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი აზერბაიჯანის ურთიერთობაა ისრაელთან.
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა მოსაზრება, თითქოს მექას შეთანხმებაში გაწევრიანების შემთხვევაში აზერბაიჯანს ისრაელის აღიარებაზე უარის თქმა მოუწევს.
ამ განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს.
მექას შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს არ განუცხადებიათ, რომ მასში გაწევრიანების წინაპირობა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ან მისი აღიარების გაუქმებაა.
პირიქით, აზერბაიჯანისა და ისრაელის სტრატეგიული ურთიერთობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მოიცავს თავდაცვის სფეროს, იარაღის მიწოდებას, ენერგეტიკას, დაზვერვასა და ტექნოლოგიებს.
ისრაელის შეიარაღებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, მათ შორის 2020 წლის ომის პერიოდში.
ბაქომ ასევე არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია ერთდროულად შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობები ისრაელთან და თურქეთთან და გარკვეულ საკითხებში ამ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლიც შეასრულოს.
ამიტომ, მექას ფორმატში შესაძლო მონაწილეობა აზერბაიჯანისთვის სწორედ ამ ბალანსის შენარჩუნების გამოცდა იქნებოდა.
რას მიიღებს აზერბაიჯანი და რას გარისკავს
მექას შეთანხმებასთან დაახლოებას აზერბაიჯანისთვის რამდენიმე პოტენციური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.
მათ შორისაა კოლექტიური შეკავების გაძლიერება, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების მიღება, საუდის არაბეთის კაპიტალის მოზიდვა და თურქეთთან და პაკისტანთან უკვე არსებული სამხედრო ურთიერთობების გაღრმავება.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთი თანამშრომლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს შუა დერეფნის განვითარებასთანაც, სატრანსპორტო მარშრუტთან, რომელიც ჩინეთს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ევროპასთან აკავშირებს.
მაგრამ არსებობს რისკებიც.
ახალმა სამხედრო ფორმატმა შესაძლოა აზერბაიჯანი უფრო მჭიდროდ დააკავშიროს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებთან. განსაკუთრებული საკითხია ირანი, რომლის მიმართაც ბაქო ცდილობს ფრთხილი პოლიტიკის შენარჩუნებას.
ასევე არსებობს ისრაელთან ურთიერთობისა და დასავლეთში აზერბაიჯანის აღქმის შესაძლო ცვლილების რისკი.
ახალი სამხედრო ალიანსი შესაძლოა დამატებით სირთულეებს ქმნიდეს სომხეთთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესშიც და გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ირანთან და რუსეთთან.
ამასთან, თავად მექას ფორმატის ინსტიტუციური სტრუქტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში პრინციპი, რომლის მიხედვითაც ერთ მონაწილეზე თავდასხმა დანარჩენებზეც თავდასხმად ჩაითვლება.
ომმა ირანთან აჩვენა, რამდენად რთულია ბაქოს მრავალვექტორიანი პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მთავარი თავისებურება მრავალვექტორიანობაა.
ბაქო ცდილობს ერთდროულად შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები თურქეთთან, მჭიდრო პარტნიორობა ისრაელთან, კავშირები დასავლეთთან, ურთიერთობები რუსეთთან და მეზობელ ირანთან, ასევე მზარდი თანამშრომლობა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.
2026 წელს ირანთან ომმა ამ პოლიტიკის საზღვრები განსაკუთრებით ნათლად აჩვენა.
აზერბაიჯანმა ოფიციალურად ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, არაერთხელ დაადასტურა ირანის სუვერენიტეტის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მისი ტერიტორია მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ გამოიყენებოდა.
ამასთან, საერთაშორისო მედიაში, მათ შორის CNN-ში, გავრცელდა ცნობები ომის პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სპეცსამსახურებისა და სპეციალური ძალების შესაძლო განლაგების შესახებ.
ბაქომ ეს ცნობები „სრულიად უსაფუძვლოდ“ შეაფასა.
რამდენიმე ანალიტიკურმა ცენტრმა, მათ შორის ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტმა (INSS), აზერბაიჯანის პოზიცია შეაფასა როგორც ფრთხილი ბალანსი ოფიციალურად გამოცხადებულ ნეიტრალიტეტსა და პრაქტიკულ დაახლოებას შორის.
ამ პოლიტიკაზე გავლენას თურქეთის პოზიციაც ახდენდა. ანკარამ თავადაც უარი თქვა ომში პირდაპირ ჩართვაზე და ბაქოს ფრთხილი პოზიციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
რას ნიშნავს ეს მექას შეთანხმებისთვის?
ირანის ომის გამოცდილება მექას შეთანხმების რეალური მნიშვნელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფორმულა – „ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“ ქაღალდზე მარტივი ჩანს, მაგრამ მისი პრაქტიკული მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც რომელიმე მონაწილე რეალური სამხედრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
საუდის არაბეთის მიერ ირანზე დარტყმების შემდეგ განხორციელებული საპასუხო ზომები უკვე აჩვენებს, რომ რეგიონში ასეთი ვალდებულებები მხოლოდ თეორიული საკითხი აღარ არის.
აზერბაიჯანისთვის კი ეს განსაკუთრებულად რთულ არჩევანს ქმნის.
ერთ მხარეს არის თურქეთთან და პაკისტანთან მჭიდრო პარტნიორობა და საუდის არაბეთთან მზარდი თანამშრომლობა. მეორე მხარეს კი ისრაელთან სტრატეგიული ურთიერთობა და ირანთან უშუალო მეზობლობა.
ამ პირობებში ბაქოსთვის მთავარი საკითხი შესაძლოა არა მექას შეთანხმებაში სრული წევრობა, არამედ მასთან ისეთი ფორმით დაახლოება გახდეს, რომელიც არსებული პარტნიორობების შენარჩუნების შესაძლებლობას დატოვებს.
წევრობა თუ მოქნილი პარტნიორობა?
აზერბაიჯანის წარსული საგარეო პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბაქო ახალი რეგიონული პლატფორმების მიმართ პრინციპულად დახურული არ არის.
2026 წელს აზერბაიჯანი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი წევრი გახდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიქმნა.
ამავე დროს, თურქეთთან, პაკისტანთან და საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაღრმავება ბაქოსთვის მექას ფორმატის მიმართ ინტერესის გაჩენის დამატებითი მიზეზია.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ავტომატურად გახდება ახალი სამხედრო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
ბაქოს მრავალვექტორიანი პოლიტიკის ლოგიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანამ სხვადასხვა ძალასთან თანამშრომლობა შეძლოს ისე, რომ რომელიმე მათგანთან ურთიერთობამ სხვა სტრატეგიული პარტნიორობისთვის კარი არ დახუროს.
ამიტომ, თუ მექას შეთანხმება გაფართოვდება, აზერბაიჯანისთვის ყველაზე რეალისტური გზა შესაძლოა სრულმასშტაბიანი სამხედრო ალიანსის ნაცვლად მოქნილი თანამშრომლობა იყოს.
ბაქოსთვის მთავარი გამოწვევა იქნება, როგორ გამოიყენოს თურქეთთან, პაკისტანთან და საუდის არაბეთთან დაახლოების შესაძლებლობები ისე, რომ არ დაკარგოს ისრაელთან, დასავლეთთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის მანევრის სივრცე.
სწორედ ამ ბალანსზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა მექაში შექმნილი თავდაცვის ფორმატი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად.