საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდა
გაზიარება
გაზიარება
ირანის წინააღმდეგ სანქციები
საქართველოევროკავშირის იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ირანის წინააღმდეგ გაერთიანების მიერ განახლებულ სანქციებს შეუერთდნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საუბარია სამ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ირანის წინააღმდეგ შეზღუდვებს ეხება.
ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა: სიიდან სამი პირი ამოიღო და ერთ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია განაახლა. დანარჩენი შეზღუდვები ძალაში დარჩა.
მეორე გადაწყვეტილება ირანის მიერ რუსეთის, ახლო აღმოსავლეთისა და წითელი ზღვის რეგიონში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერას ეხება. ევროკავშირმა არსებული სანქციები გაახანგრძლივა და სიიდან ოთხი პირი ამოიღო.
მესამე გადაწყვეტილებით კი, ირანში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით სანქცირებულთა სიას ექვსი ადამიანი დაემატა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებებს შეუერთდნენ ევროპის ეკონომიკური ზონის წევრებ – ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია, და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ უერთდება, როცა ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს.
,,საქართველო ნებისმიერ რეზოლუციას შეუერთდება თუ არა, ან საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება: ეს საქართველოს ინტერესებში შედის იმ წუთში, თუ არა“, – თქვა მან.
შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს ევროკავშირის კანდიდატი კიდევ ორი ქვეყანა, თურქეთი და სერბეთიც არ შეუერთდა.
„თუ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, საერთოდ არ გვაინტერესებს, ვის ინტერესებშია მერე“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის “რადიო თავისუფლების” მიერ გაგზავნილ კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს, პასუხი ამ დროისთვის არ არის ცნობილი.
საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შეზღუდული თანხვედრა უკვე ასახულია გაერთიანების გაფართოების ანგარიშებშიც. 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან 40 პროცენტამდე იყო შემცირებული, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 53 პროცენტს შეადგენდა.